მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია – ფაშინიანი

აზერბაიჯანის ქმედებები პროვოკაციულია და მიზნად ისახავს ვაშინგტონში 1-4 მაისს გამართული მოლაპარაკებების დროს მიღწეული პროგრესის გაბათილებას, განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე სომხეთის ს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

დღეს დილით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გეღარქუნიკის რაიონის სოტკის მიმართულებით მდებარე სომხურ სამხედრო პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად 4 სომეხი ჯარისკაცი დაშავდა.

„დღევანდელი პროვოკაცია ასევე მიზნად ისახავს ბრიუსელში კვირას, 14 მაისს მოსალოდნელი სამმხრივი შეხვედრის და 1 ივნისს კიშინიოვში მოსალოდნელი ხუთმხრივი მოლაპარაკებების ჩაშლას. გამოცდილება აჩვენებს, რომ აზერბაიჯანს მოლაპარაკებების პროცესი მხოლოდ ესკალაციისა და ომის საბაბისთვის სჭირდება, ხოლო ესკალაცია გამოიყენება მხოლოდ მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესის გასაბათილებლად”, – თქვა მან.

პრემიერის თქმით, არსებობს კიდევ ერთი მიზანიც – გადაიტანოს სომხეთისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება  ლაჩინის დერეფანში უკანონო საგუშაგოს შექმნის ფაქტიდან ახალ ადგილზე ახალი კრიზისის შექმნით.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მცდელობის მიუხედავად, პრობლემა კვლავ ყურადღების ცენტრშია და ამ საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიური კომუნიკაცია უნდა გაგრძელდეს.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მას კვლავ აქვს გადაწყვეტილი  მონაწილეობა მიიღოს ბრიუსელის შეხვედრაში, მაგრამ დასძინა, რომ კვირას აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა ნაკლებად სავარაუდოა.

„მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტი საწყის ეტაპზეა  და მის ხელმოწერაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, – ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმა.

„დღევანდელი ქმედებებით აზერბაიჯანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პრაღაში 2022 წლის 6 ოქტომბერს და სოჭში 2022 წლის 31 ოქტომბერს მიღწეულ ფუნდამენტურ შეთანხმებებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button