მთავარიპოლიტიკა

აუცილებელია საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნა მთიან ყარაბაღსა  და ლაჩინის დერეფანში:  ფაშინიანი ევროპის საბჭოს სამიტზე

სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპის საბჭოს სამიტზე ხაზი გაუსვა მთიან ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფანში საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნის აუცილებლობას. ამის შესახებ როგორც Armenpress-ი წერს, ფაშინიანმა ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში ევროპის საბჭოს მე-4 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

„ჩვენი მაგალითით დავინახეთ, რომ ომი ყველაზე დიდი საფრთხეა დემოკრატიისთვის. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი  დიდი ხნის განმავლობაში იყო დემოკრატიის  დამაბრკოლებელი საბაბი“, – განაცხადა პრემიერმა.

ფაშინიანმა შეახსენა, რომ 2018 წელს ხავერდოვანმა რევოლუციამ სომხეთს დიდი დემოკრატიული წინსვლა მოუტანა, მაგრამ 2020 წლის სექტემბერში დაიწყო აზერბაიჯანის შეტევა მთიან ყარაბაღზე და სომხეთი ომში ჩაება.

„ბევრი დღესაც ფიქრობს, რომ ომის მიზეზი სომხეთის დემოკრატიული მისწრაფებები იყო, რეგიონში, სადაც დემოკრატია შეიძლება საეჭვოდ აღიქმებოდეს… 2020 წლის 9 ნოემბერს მე მოვაწერე ხელი ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივ დეკლარაციას, რასაც მოჰყვა თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მთავრობასა და ეროვნულ ასამბლეაზე, რადგან გაჩაღებული ომი, როგორც ჩანს, სომხეთში ხელისუფლების შეცვლასაც ისახავდა მიზნად.

მაგრამ ჩვენ შევძელით ქვეყნის დემოკრატიის შენარჩუნება. მოგვიანებით გადავწყვიტეთ წავსულიყავით ვადამდელ არჩევნებზე, რათა დაგვებრუნებინა საზოგადოების ერთიანობა. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მიზნით ჩემი და ეროვნული ასამბლეის გადადგომიდან ორი დღის შემდეგ 2021წ. 12 მაისს აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. ჩვენ რომ ამ ეპიზოდში დემოკრატიისაგან გადაგვეხვია, დავკარგავდით სახელმწიფოებრიობას, მაგრამ ჩვენ მივდიოდით დემოკრატიულ გზაზე და გვქონდა საერთაშორისოდ აღიარებული თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები და ჩამოვაყალიბეთ სამშვიდობო დღის წესრიგი“, – აღნიშნა პრემიერმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ სამშვიდობო დღის წესრიგსაც დაესხნენ თავს. 2021 წლის  ნოემბერში და 2022 წლის  სექტემბერში, როდესაც აზერბაიჯანი კვლავ შეიჭრა სომხეთის ტერიტორიაზე.

პრემიერ-მინისტრმა შეახსენა, რომ 2022 წლის 6 ოქტომბერს, საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიშელის მხარდაჭერით, მათ მიაღწიეს შეთანხმებას აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, რომ ჩვენ ვარეგულირებთ ურთიერთობებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1991 წლის  ალმა ატის დეკლარაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც  საბჭოთა სომხეთისა და  საბჭოთა აზერბაიჯანის  ადმინისტრაციული საზღვრები გახდა სახელმწიფო საზღვრები.

„სამი დღის წინ, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით, ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ წავედით, ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ სომხეთი ცნობს აზერბაიჯანის 86,6 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას, აზერბაიჯანი აღიარებს სომხეთის 29,8 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას.

მაგრამ ლაჩინის დერეფნის უკანონო გადაკეტვის  შედეგად მთიანი ყარაბაღის სომხები უკვე 5 თვეა ალყაში არიან და ჰუმანიტარულ კრიზისში ცხოვრობენ. საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნა მთიან ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფანში აუცილებლობაა. ხოლო მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოებისა და უფლებების უზრუნველსაყოფად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბაქო-სტეფანაკერტის მოლაპარაკებების დაწყება საერთაშორისო ეგიდით. ამ საკითხების გადაწყვეტის მხარდაჭერით ევროკავშირი მხარს დაუჭერს დემოკრატიისა და სტაბილურობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში“, – დაასკვნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button