პოლიტიკა

იმედები, რომ აზერბაიჯანში რაღაც შეიცვლება, არ გამართლდა:   დუნია მიატოვიჩი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში შეშფოთება გამოხატა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების ვითარებასთან დაკავშირებით. მან მიუღებელი  უწოდა ჟურნალისტების, უფლებადამცველების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ მიმდინარე ზეწოლას და დევნას.

დუნია მიატოვიჩი, რომელიც ადრე მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის პოსტს იკავებდა, აზერბაიჯანში არაერთხელ არის ნამყოფი. მიატოვიჩმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ ქვეყანაში სიტყვისა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიტიური ცვლილებები არ მომხდარა, შენარჩუნებულია შემზღუდველი გარემო და მედიის შესახებ ახალი კანონი უფრო მეტ ცენზურას და შეზღუდვებს აწესებს.

„ამჟამად აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებთან, სიტყვის თავისუფლებასთან და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს ვაკვირდები. 2019 წელს ხელისუფლებამ მომცა საშუალება მენახა  #17 და #16 კოლონიები და მენახა სეიმურ ჰაზი და აფგან მუხთარლი, რომლებიც იმ დროს ციხეში იმყოფებოდნენ. ბევრი დისკუსია ჩავატარე და ჩემი წინადადებები წარვუდგინე იუსტიციის მინისტრს, პრეზიდენტის აპარატს და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

მე ვაგრძელებ დაკვირვებას  აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა ვითარებაზე და ვსვამ საკითხებს უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

ამჟამად მე ყურადღებით ვაკვირდები ბახტიარ ჰაჯიევის საქმეს. მისი შიმშილობა და ჯანმრთელობის გაუარესება შემაშფოთებელია. გავიგე, რომ პატიმრობა ცოტა ხნის წინ კიდევ ორი ​​თვით გაუხანგრძლივეს და ვერ ვხვდები რატომ. არავითარი საბაბი არ არის მისთვის ასეთი ტანჯვის მიყენებისა. პარალელურად, ელჩინ სადიგოვისა და ავაზ ზეინალის საკითხიც დავაყენე. მაგრამ არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ჩამოვთვალე, არამედ ბევრი ადამიანია სამიზნე მათი მუშაობის ან გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებების გამო“, – განაცხადა კომისარმა.

„ეს მიუღებელია და არ არის პირველი შემთხვევა. მე არაერთხელ გამოვთქვი ჩემი შეშფოთება ძალიან ღიად აზერბაიჯანის მთავრობასთან, იმ იმედით, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა.”

„კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ყურადღებით ვადევნებ თვალს, არის 2020 წელს ხელმოწერილი სამმხრივი დეკლარაცია. მაშინვე დავუკავშირდი ბაქოსა და ერევანს, რათა დავხმარებოდი ადამიანის უფლებების საკითხებში.

მას შემდეგ ბევრი ვიშრომე ყარაბაღის მოსანახულებლად. შევთავაზე აზერბაიჯანის ხელისუფლების ყურადღება მოექცია, თუნდაც ერთად წავსულიყავით, ვიცი, რომ ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია პოლიტიკური თვალსაზრისით, მე ვაღიარებ აზერბაიჯანის სუვერენიტეტს, ამას  ყოველთვის ვამბობდი. მიუხედავად ამისა, ჩემი მოგზაურობა ჯერ ვერ შედგა“, – განაცხადა მან.

როდესაც ჰკითხეს მედიის თავისუფლების მდგომარეობაზე, მიატოვიჩმა თქვა, რომ მისი წინა მუშაობის დროს, როგორც ეუთოს პრესის თავისუფლების წარმომადგენელი, აზერბაიჯანში ჟურნალისტების უსაფრთხოება სერიოზული შეშფოთების მიზეზი იყო. უკიდურესად საგანგაშოა მდგომარეობა მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. მოქმედი კანონმდებლობა კიდევ უფრო უარყოფით გავლენას ახდენს ზოგადად სიტყვის თავისუფლებაზე, აწესებს უფრო მეტ ცენზურას და შეზღუდვებს. 21-ე საუკუნეში ასე არ უნდა მოიქცნენ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები.

„მე ვერ ვხედავ რეალურ პოლიტიკურ ნებას ხელისუფლების მხრიდან ქვეყანაში მედიის თავისუფლების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შეუძლებელია აზერბაიჯანში მედიის თავისუფლებაზე საუბარი შეკრების თავისუფლების საკითხზე შეხების გარეშე. როდესაც ადამიანები გამოდიან ქუჩებში, რათა ხმა აიმაღლონ ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის ქალთა უფლებებზე ან ოჯახში ძალადობაზე, ეს ქმნის პრობლემებს და იპყრობს მსოფლიო მედიის ყურადღებას“, – განაცხადა კომისარმა.

„ვიცი, რომ აზერბაიჯანის მთავრობა ძალიან ზრუნავს თავის იმიჯზე. მაგრამ თუ ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმისთვის დააპატიმრებ, ეს მხოლოდ იმიჯს ავნებს. თუ მთავრობას სურს იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი, მან უნდა დააფასოს დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. სწორედ ამას ველოდები აზერბაიჯანისგან“, – დაასკვნა დუნია მიატოვიჩმა.

ნახეთ მეტი
Back to top button