პოლიტიკა

„ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა

ყოველკვირეული გაზეთი ,,აზგ“-ი წერს, რომ 20 აპრილს ერევანში გაიმართა პირველი პოლიტიკური კონსულტაციები სომხეთის, ირანის და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სამმხრივ ფორმატში, რომლის დროსაც განიხილეს სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები ეკონომიკურ, რეგიონულ და სხვადასხვა სფეროებში. დისკუსიის ძირითადი თემა “ჩრდილოეთ-სამხრეთის” საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის საკითხი იყო.

სომხეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები განპირობებული იყო ისტორიულ-კულტურული ერთიანობით და საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი ურთიერთკავშირებით.

იგივე შეიძლება ითქვას ირან-ინდოეთის და სომხეთ-ირანის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე, რომელთა გეოპოლიტიკური ინტერესები დღეს ერთმანეთს ემთხვევა.

ამჟამად სამი სახელმწიფოს გამაერთიანებელ ფაქტორებს დაემატა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პროექტი „ჩრდილოეთ-სამხრეთი“, რომელსაც საძირკველი ჩაეყარა 1999 წელს ინდური, ირანული და რუსული სატრანსპორტო კომპანიების ჯგუფის მიერ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის გავლით ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების გაფორმებით. 2018 წელს კი ირანისა და ინდოეთის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ირანის ჩაბაჰარის პორტის ნაწილში, ირან-ინდოეთის მრავალსაუკუნოვანი თანამშრომლობის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად იქცა.

ირანს, რომელიც ავითარებს თავის სტრატეგიულ ურთიერთობებს ინდოეთთან, შეუძლია ასევე გაააქტიუროს თანამშრომლობა ინდოეთთან ენერგომატარებლებისა და საავტომობილო გზების გაშვებასთან დაკავშირებით.

ინდოეთის ეკონომიკურ ზესახელმწიფოდ გადაქცევისა და მისი კაპიტალის ირანისა და სომხეთის ეკონომიკაში ჩართვის პერსპექტივა თეირანისა და ერევნის ყურადღების ქვეშაა.

ირანი, ინდოეთი, ავღანეთი, რუსეთი, ცენტრალური აზია და კავკასია „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ბირთვში მდებარეობს. როგორც ირანს, ასევე ინდოეთს საჭირო და მნიშვნელოვანი როლი უკავიათ ამ დერეფნის გაშვებაში.

ინდოეთისთვის მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურისა და კასპიის ზღვის გაერთიანების ირანის გეოგრაფიის თავისებურება. ინდოეთს ასევე აინტერესებს ირანის შესაძლებლობები ავღანეთთან, ცენტრალურ აზიასთან და კავკასიასთან კომუნიკაციის მხრივ და ამ ქვეყნის მდიდარი ენერგომატარებლები.

ირანი, თავის მხრივ, დაინტერესებულია ინდოეთის სტრატეგიული პოზიციით, რადგან ინდოეთის მეშვეობით ირანს შეუძლია მოიპოვოს თანამშრომლობის ფართო სფერო მსოფლიოს მე-5 ყველაზე ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოსთან.

ირან-ინდოეთის ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, ირანსა და აზერბაიჯანს შორის „თურანის დერეფნის“ გაშვებასთან დაკავშირებით არსებული დაძაბულობისა და მასში ჩვენი ქვეყნის ადგილისა და როლის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთის ჩართულობის საკითხიც.

ამჟამად ინდოეთი თავის პოლიტიკას სამხრეთ კავკასიაში მართავს ცალ-ცალკე, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში და არ აქვს სამხრეთ კავკასიის ზოგადი სტრატეგია.

ინდოეთის თვალსაზრისით, აზერბაიჯანი, რომელსაც აქვს სტრატეგიული ურთიერთობა პაკისტანთან და ქაშმირის სტატუსის შესახებ პროპაკისტანური ინტერპრეტაციით გამოდის, თავისთავად დესტაბილიზაციის ფაქტორია.

სამხრეთ კავკასიის გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვანია ინდოეთის რუსეთთან და შავ ზღვასთან დაკავშირების თვალსაზრისით, რადგან სომხეთი და აზერბაიჯანი ასევე არიან ჩრდილოეთ-სამხრეთის სატვირთო გადაზიდვის საერთაშორისო დერეფნის წევრები. გარდა ამისა, სამხრეთ კავკასიას აქვს დიდი პოტენციალი ინდოეთისთვის, რომელიც შეიძლება დაინტერესდეს ენერგომატარებლების, მინერალებისა და ტექნოლოგიების ტრანზიტით.

ინდოეთი ასევე შეშფოთებულია აზერბაიჯანისა და პაკისტანის სტრატეგიული თანამშრომლობით უსაფრთხოების სფეროში. ამ მიზეზით, ინდოეთ-სომხეთის თანამშრომლობას უფრო მეტი აზრი აქვს.

გარდა ამისა, ინდოეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ასევე სახელმწიფოთაშორისი საზღვარი ირანსა და სომხეთს შორის. რადგან, ამ საზღვრის არარსებობის შემთხვევაში, ინდოეთი მხოლოდ აზერბაიჯანის გავლით შეძლებს შავ ზღვაზე გასვლას, რომელსაც სტრატეგიული ურთიერთობა აქვს კონკურენტ პაკისტანთან.

ამ პერსპექტივიდან გამომდინარე, ბოლო წლებში სომხეთსა და ინდოეთს შორის დაიდო მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის მიზნით.

ფაქტობრივად, დელის იდეები „თურანის“ დერეფნის შესახებ ემთხვევა თეირანის პოზიციას, რადგან სომხეთისა და ირანის საზღვარი, როგორც ინდოეთის შავ ზღვასთან დაკავშირების, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მნიშვნელობის დაფასების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია დელისთვის.

ზემოაღნიშნულის შეჯამებით, შეიძლება აღინიშნოს, რომ სომხეთის, ირანის და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სამმხრივ ფორმატში კონსულტაციების აუცილებლობა უდაო ფაქტია. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ ფორმატს აქვს დიდი პოტენციალი და მისი დონე შეიძლება აიწიოს საგარეო საქმეთა მინისტრების, თუნდაც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების დონეზე, რაც გაზრდის ფორმატის პოლიტიკურ წონას.

გრიგორ არაქელიანი

ნახეთ მეტი
Back to top button