რუსეთის ფედერაციის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მორიგი პირისპირ შეხვედრის დრო და ადგილი სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერების კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება. როგორც იტყობინება News.am-ი, ამის შესახებ TASS-ს განუცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა.
„დღეს, დღის განმავლობაში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენის საკითხზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერებს შორის ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ჩვენი ერთობლივი თავმჯდომარეობით“, – განაცხადა ოვერჩუკმა. „სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის ადგილისა და დროის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება კონსულტაციების შემდეგ მიიღება.
2020 წლის 9 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ყარაბაღში სამხედრო ოპერაციების სრული შეწყვეტის შესახებ. 2021 წლის 11 იანვარს ისინი შეთანხმდნენ სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერების დონეზე სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების დამყარებაზე.