
სომხეთი იმედოვნებს, რომ ისინი რაც შეიძლება მალე მიაღწევენ შეთანხმებას აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ და ხელს მოაწერენ მას.
Armenpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენს რესპუბლიკაში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია. სრ მთავრობა ამ დაძაბულობის დაძლევის უპირველეს მეთოდად მიიჩნევს მშვიდობის დღის წესრიგის წინ წაწევას. აზერბაიჯანთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების ხელშეკრულებაზე და ვიმედოვნებთ, რომ ტექსტზე რაც შეიძლება მალე მივაღწევთ შეთანხმებას და მოვაწერთ ხელს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის აღქმა სულ უფრო და უფრო მიდრეკილია იმ რეზოლუციისკენ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დათქმების გარეშე უნდა აღიარონ, შესაბამისად 29 ათას 800 კვადრატული კილომეტრის და 86,6 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების შესახებ დიალოგი უნდა მოხდეს ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის.
სომხეთი ამ ლოგიკას ეთანხმება, ამ ლოგიკით წარმართავს მოლაპარაკებებს და ხაზს უსვამს, რომ სტეფანაკერტ-ბაქოს დიალოგის გარანტიის საერთაშორისო მექანიზმები უაღრესად მნიშვნელოვანია. „ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის უსაფრთხოების სტრატეგიული გარანტია მშვიდობაა, რაც ყველა მეზობელთან ურთიერთობის მოწესრიგებითაა შესაძლებელი. ეს სულაც არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენს ხალხს სურს და ელის“, – განაცხადა ფაშინიანმა.