საზოგადოება

ზემო ლარსის გამშვები პუნქტის მოდერნიზაციის დასრულება ნოემბერში იგეგმება

ჩრდილოეთ ოსეთში „ზემო ლარსის“ საგუშაგოს მოდერნიზაციის სამუშაოების დასრულება 2023 წლის ნოემბერში იგეგმება. Armenpress-ის გადმოცემით, ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს სახელმწიფო სასაზღვრო გამშვები პუნქტების კეთილმოწყობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ კოკაევმა.

„კონტრაქტის მიხედვით, მიმდინარე წლის დეკემბერია, მაგრამ გვინდა, ნოემბერში დავასრულოთ. ეს არის ვადა, რომლის ვალდებულებაც ჩვენ ავიღეთ“, – ციტირებს TASS კოკაევს.

ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ახლა ამ საგუშაგოზე მსუბუქი მანქანების გადაადგილების პრობლემა არ არის. სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე 24 ზოლია, თითოეული მიმართულებით 12.

“ყაზბეგი-ზემო ლარსი” ერთადერთი მოქმედი საგუშაგოა საქართველო-რუსეთის საზღვარზე. რუსულ ნაწილში მარშრუტი ჩრდილოეთ ოსეთზე გადის. ზამთარში უამინდობის გამო საქართველოში გზა ხშირად იკეტება.

ნახეთ მეტი
Back to top button