პოლიტიკა

მოლდოვას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვიზიტის შემთხვევაში პუტინს დააპატიმრებენ

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოლდოველი სამართალდამცავები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რესპუბლიკაში ვიზიტის შემთხვევაში დააპატიმრებენ. Armenpress-ის გადმოცემით, ამის შესახებ Euronews Romania-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რომელმაც უპასუხა კითხვას, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს მოლდოვაში ჩასვლისთანავე.

„დიახ, მოლდოვას რესპუბლიკამ ხელი მოაწერა შეთანხმებას სისხლის სამართლის სასამართლოს შესახებ და მოლდოვა პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – უპასუხა სანდუმ.

თავის მხრივ, სააგენტო TASS იხსენებს, რომ ბოლოს პუტინი პრეზიდენტის თანამდებობაზე იყო მოლდოვაში დსთ-ს სამიტზე, რომელიც გაიმართა 2002 წლის ოქტომბერში. 2008 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრის რანგში მონაწილეობდა დსთ-ს წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურთა საბჭოს სხდომაში, რომელიც გაიმართა კიშინიოვში.

17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გამოსცა, უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციის ბრალდებით. 20 მარტს, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე პროკურორისა და სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ მათი ქმედება აშკარად უკანონოა, რადგან არ არსებობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და ბავშვთა ომბუდსმენის დევნის საფუძველი.

ნახეთ მეტი
Back to top button