მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანს არ უნდა ჰქონდეს არანაირი კონტროლი ლაჩინის დერეფანზე – ფაშინიანი

სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 4-5 მაისს ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ტელეკომპანია CNN primanews-ს ინტერვიუ მისცა.

პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს ჩანაწერს გთავაზობთ ქვემოთ.

CNN primanews – აშკარაა, რომ სომხეთის მთავარი პრობლემა დღეს მთიან ყარაბაღში არსებული ვითარებაა. მთიან ყარაბაღში ამ დროისთვის დაახლოებით 120 000 სომეხი რჩება. ისინი დამოკიდებულნი არიან ერთ სახმელეთო დერეფანზე, რომელსაც აკონტროლებენ რუსული ჯარები.  როგორია ამ დროისთვის მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მდგომარეობა?

პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი – თქვენ იცით, რომ აზერბაიჯანმა გასული წლის დეკემბრიდან არალეგარულად გადაკეტა ლაჩინის დერეფანი. რატომ ვუწოდებთ არალეგალურს, რადგან 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის თანახმად, ლაჩინის დერეფანი შეიქმნა მთიანი ყარაბაღის სომხების   სომხეთის რესპუბლიკასთან კავშირის უზრუნველსაყოფად.   სამმხრივი განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანს არ უნდა ჰქონდეს კონტროლი ამ დერეფანზე. უფრო მეტიც, დერეფანი არა მხოლოდ გზაა, არამედ 5 კმ სიგანის უსაფრთხოების ზონაა. ამიტომ მისი ბლოკირება უკანონოა.

ბლოკადის შედეგად მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისი გაჩნდა, რადგან, პირველ რიგში, ადამიანებს ართმევენ გადაადგილების უფლებას, მეორეც, სამშვიდობო ძალების და წითელი ჯვრის მიერ შეწყვეტილია სურსათითა და პირველადი მოხმარების ნივთებით მიწოდება. ამის შედეგი კი ის არის, რომ მაღაზიებში საქონლის ყიდვა ადამიანებს შეუძლიათ მხოლოდ მთიანი ყარაბაღის მთავრობის მიერ გაცემული კუპონებით, რათა შესაძლებელი იყოს სურსათის მარაგის მართვა.ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის შეწყვეტა მთიან ყარაბაღში გასული წლის დეკემბრიდან უწყვეტია და ამ დროისთვის ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია მთიან ყარაბაღს არ მიეწოდება. ამის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ზამთრის თვეებში იყო ის, რომ დაიხურა ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 30 000-მდე ბავშვს და სტუდენტს ჩამოერთვა განათლების უფლება. რა თქმა უნდა, სეზონების დათბობასთან ერთად უკვე გაიხსნა საბავშვო ბაღები, სკოლები, უნივერსიტეტები და აღდგა სასწავლო პროცესი.შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც უნდა აღინიშნოს ამ თვალსაზრისით, არის შემდეგი: უკვე 2023 წლის თებერვალში, იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომ მიიღო დროებითი გადაწყვეტილება, რომელიც აზერბაიჯანს  ავალდებულებს განბლოკოს  ლაჩინის დერეფანი, რათა უზრუნველყოს მოქალაქეებისა და საქონლის გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გავლით. აზერბაიჯანმა არა მხოლოდ არ შეასრულა ამ გადაწყვეტილების მოთხოვნა, რომელიც იურიდიულად სავალდებულოა, რადგან იუსტიციის საერთაშორისო სასამართლო არის უმაღლესი საერთაშორისო სასამართლო, არამედ უკანონოდ მოაწყო საგუშაგო ლაჩინის დერეფანში დაახლოებით ათი დღის წინ. ეს არის არა მხოლოდ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების, არამედ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევა.

ახლა რატომ აკეთებს აზერბაიჯანი ამ ყველაფერს? ჩვენი შეფასება და რწმენაა, რომ ეს არ არის ცალკე აღებული ქმედებები, არამედ მზადება მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის განსახორციელებლად, როდესაც საქმე ეხება ეთნიკურ წმენდას, საუბარია იმაზე, რომ აზერბაიჯანის აზრით, სომხები საერთოდ არ უნდა ცხოვრობდნენ მთიან ყარაბაღში.

CNN primanews – 90-იანი წლების დასაწყისიდან სომხეთი უსაფრთხოების თვალსაზრისით საკმაოდ იყო რუსეთზე დამოკიდებული, თქვენ გაქვთ რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში, გაქვთ რუსული იარაღი, თქვენ ორივე ხართ უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები, ამიტომ მე მაქვს  ერთგვარი ორმხრივი კითხვა: იყო თუ არა ეს ჭკვიანური ნაბიჯი? და, მეორე მხრივ, გქონდათ სხვა ვარიანტები?

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი – ძირითადად, დღეს ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც არის გარკვეული იმედგაცრუება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით, რადგან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია არის მთავარი მექანიზმი, რომლითაც სომხეთის რესპუბლიკამ უნდა უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება. მაგრამ აზერბაიჯანის მიერ 2021 წლის მაისში, ნოემბერში და 2022 წლის სექტემბერში განხორციელებული აგრესიების დროს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის არაადეკვატურმა რეაქციამ გამოიწვია გარკვეული იმედგაცრუება, პირველ რიგში, სომხეთის მოსახლეობაში, რადგან იყო გარკვეული რწმენა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება არის საიმედო უსაფრთხოების მექანიზმი. მაგრამ ეს არ მოხდა და ეს იყო მიზეზიც იმისა, რომ კუხო-ს ერევნის სამიტზე შესაძლებლად არ მივიჩნიეთ კონსენსუსის დამყარება მთელ რიგ ფუნდამენტურ დოკუმენტებზე. მაგრამ მინდა, საკითხს საპირისპირო მხრიდანაც შევხედოთ, რადგან ეს ორგანიზაციისთვისაც საზიანოა, რადგან რეალურად, რაც მოხდა სომხეთთან იმ პერიოდში, რაც მე აღვნიშნე, პირველ რიგში ორგანიზაციის  ავტორიტეტს აზიანებს.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამას ასევე ექნება გარკვეული შედეგები თავად ორგანიზაციისთვის.

CNN primanews – ვფიქრობ, მთელი ომის განმავლობაში და გასულ ნოემბერში ერევანში გამართულ სამიტზე, როდესაც თქვენ უარი თქვით დოკუმენტის ხელმოწერაზე და ბატონი ლუკაშენკო შოკირებული იყო, ბატონი პუტინი კი აშკარად გაბრაზებული იყო, ასეთი გაბრაზებული არ მინახავს დიდი ხნის განმავლობაში და მან გაბრაზებულმა დაგტოვათ და წავიდა?

პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი – ეს არის სამუშაო სიტუაციები და თქვენ მიერ აღნიშნული შეჯამების შემდეგ გაიმართა სამუშაო ლანჩი და მშვიდ, ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროში განვიხილეთ არსებული მდგომარეობა დავისაუბრეთ თუ როგორ დავძლიოთ სიტუაცია.

CNN primanews – როგორია თქვენი პირადი ურთიერთობა ვლადიმირ პუტინთან? როგორც ჩანს, ძალიან ცივი ადამიანია, თითქმის უემოციო. გაქვთ მასთან სამუშაო ურთიერთობა, გაქვთ თუ არა პირადი ურთიერთობა, ან ეს ორი სახელმწიფოს საქმეა?

პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი – ზოგადად, უნდა ვთქვა, რომ ეკრანებზე დანახული შთაბეჭდილებები, რეალური ცხოვრების შთაბეჭდილებები, გართულებები, რომლებსაც განვიცდით და მძიმე პერიოდები, რომელშიც ვიმყოფებით, რეალურად სხვადასხვა ფენაა. დიახ, ჩვენი კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან იყო ძალიან ინტენსიური და ახლაც  ინტენსიურია.

ამ თვეში 2-ჯერ მაინც შევხვდებით. და უნდა ვთქვა, რომ ეს არის როგორც პირადი კონტაქტი, ასევე პოლიტიკური კონტაქტი და სამუშაო კონტაქტი. სხვა საქმეა, რომ განსაკუთრებით ახლა ბევრს არ განვიხილავთ, ან ძლივს განვიხილავთ იმ საკითხებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ან რეგიონულ დღის წესრიგთან. გულწრფელად გეტყვით ერთ რამეს: სომხეთს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს იმისათვის, რომ გამოიჩინოს ზრუნვა ფართო რეგიონისა და მსოფლიოს ნაწილებზე. სამწუხაროდ, ჩვენი საზრუნავი საკმარისზე მეტია და ევროკავშირთან, აშშ-სთან და რუსეთთან ურთიერთობაში ვცდილობთ გადავჭრათ ჩვენს დღის წესრიგში არსებული პრობლემები, რაც, როგორც ხედავთ, სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის წარმატებული.

CNN primanews – და როგორია სომხეთის პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით, რუსეთის აგრესია უკრაინაზე, რადგან ერთი მხრივ რუსეთის მოკავშირე ხართ, მეორე მხრივ კი რუსეთის ფედერაციის ძალიან არასასურველი ქმედებების მოწმენი ვართ უკრაინაში.

პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი – თქვენ თქვით, რომ ჩვენ რუსეთის მოკავშირეები ვართ. რასაკვირველია, ეს ხმამაღლა არასდროს გაჟღერებულა, მაგრამ მგონი ისედაც ჩანს. ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირე უკრაინასთან ომში.  ის რასაც ჩვენ განვიცდით ამ  ომის, ამ კონფლიქტის გამო, არის შფოთვა და წუხილი,  რადგან ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ყველა ურთიერთობაზე.

დასავლეთში ამჩნევენ, რომ ჩვენ რუსეთის მოკავშირეები ვართ,  რუსეთში ხედავენ, რომ ჩვენ მათი მოკავშირეები არ ვართ უკრაინის ომში და თურმე არავის მოკავშირეები არ ვართ ამ სიტუაციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუცველები ვართ. როგორც ჩანს, ყველა ამ შეჯახებას შორის არის მანევრირების  ვარიანტი, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ რაც უფრო რთულია სიტუაცია, მით უფრო ვიწროა მანევრირების არეალები. სამწუხაროდ  ჩვენ ამ სიტუაციაში  არ ვერევით,  და თავს იმიტომ კი არ ვიკავებთ, რომ ვერ  ვერკვევით და არამედ ჩვენი პრობლემები ახლა  უფრო მეტია და მტკივნეული, რაც  ნებას არ გვაძლევს ჩავერთოთ სხვათა პრობლემების გადაჭრაში.  

CNN primanews – სომხეთი ძალიან მძიმე პოლიტიკურ ვითარებაშია. თქვენი დიდი მეზობელი თურქეთია, რუსეთი კიდევ ერთი დიდი რეგიონალური ძალაა, ასევე არის ირანი და ევროკავშირი თითქოს საკმაოდ შორს არის, მაგრამ როგორ შეუძლია ევროკავშირს რეალურად დაეხმაროს სომხეთის, მთიანი ყარაბაღის რთული საკითხის მოგვარებაში? გვაქვს თუ არა რეალურად ვარიანტები, არის თუ არა რაიმე ბერკეტები ჩვენს ხელში?

პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი – პირველ რიგში, ჩვენი სტრატეგია ეფუძნება იმას, რაც თქვენ ახსენეთ. აი, თქვენ ამბობთ, რომ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვართ. ფაქტობრივად, ჩვენ არ ვართ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენ ვართ გეოგრაფიულ მდგომარეობაში.

ანუ ჩვენი სირთულე არ არის გეოპოლიტიკიდან, ჩვენი სირთულე არის გეოგრაფიიდან, რადგან როგორც არ უნდა შეიცვალოს მსოფლიო პოლიტიკა, ჩვენი გეოგრაფია არ შეიცვლება. და ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ და შევთავაზეთ ჩვენს ხალხს შემდეგი პოლიტიკური ხედვა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის უპირველესი მიზანი უნდა იყოს ნორმალური ურთიერთობა, პირველ რიგში, ჩვენს უშუალო მეზობლებთან. რამდენადაც რთულია ამის მოსმენა, რადგან ისტორიამ თან მოიტანა ბევრი  სირთულე, ბევრი  ნეგატიური ტვირთი.

CNN primanews – თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით სომხეთის ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად, რომელიც ყველა ჩეხს ახსენებს 1989 წლის ხავერდოვან რევოლუციას. ორი წლის შემდეგ თქვენ შეხვდით სომეხი ხალხის ყველაზე დიდ გამოწვევას 90-იანი წლების დასაწყისიდან. ელოდით ასეთ გამოწვევას?

პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი – შემიძლია ვთქვა, რომ ვფიქრობ, რომ ეს ინტერვიუ გამოქვეყნებულია, ეს ნამდვილად იყო რევოლუციამდე. ერთხელ მკითხეს, ვინ არის შენი იდეალური პოლიტიკოსი, მე დავასახელე ორი ადამიანი, თუ მეხსიერება არ მღალატობს ვუპასუხე  ნელსონ მანდელა და ვაცლავ ჰაველი. და მართლაც, რევოლუცია, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ეს მაგალითები და ჩეხოსლოვაკიის მაგალითი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩემს გონებაში და თვალწინ იყო. შემეძლო აის ვარაუდი, დიახ, შემეძლო, მაგრამ მეორე მხრივ, ვერ ვივარაუდებდი, რომ ეს იყო არა მხოლოდ გამოწვევა, არამედ არსებითად, ამ შემთხვევაში, გეოპოლიტიკური ხაფანგი და არსებითად ჩიხი იქნებოდა.

რა თქმა უნდა, ბევრს ვფიქრობ ამაზე და, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს ვუსვამ კითხვებს და პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ჯერ არ მიპოვია ყველა კითხვაზე პასუხი ჩემთვისაც. ვარაუდით,  რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება ვივარაუდოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ადამიანი ბუნებით ოპტიმისტია, თუმცა არსებობს ასეთი გამონათქვამი, რომ ოპტიმისტი არის ცუდად ინფორმირებული პესიმისტი. ბუნებრივია, რაც უფრო მეტს ვიგებდი პრემიერის პოსტის დაკავების შემდეგ, მით უფრო მცირდებოდა ოპტიმიზმი.

CNN primanews – ბატონო პრემიერ მინისტრო, მადლობას გიხდით რომ დრო დაგვითმეთ და გისურვებთ წარმატებებს თქვენს რთულ საქმეში.

პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი – მადლობელი ვარ.

ნახეთ მეტი
Back to top button