მთავარიპოლიტიკა

რუსეთი აფასებს სომხეთთან ძმურ ურთიერთობებს – რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი

მოსკოვი აფასებს ერევანთან ძმურ ურთიერთობებს, რომლებიც სტრატეგიულ და მოკავშირე ხასიათს ატარებს. როგორც “Armenpress”-ი  იუწყება, ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ ჩვენს ძმურ ურთიერთობებს, ისინი სტრატეგიული და მოკავშირეა. დღეს რუსეთსა და სომხეთს შორის სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობა აქტიურად, დინამიურად ვითარდება, არაერთი არამეგობრული სახელმწიფოს მიერ დაწესებული უკანონო ეკონომიკური სანქციების მიუხედავად“, – განაცხადა მიშუსტინმა.

მისი თქმით, იანვარ-აპრილში მოსკოვსა და ერევანს შორის სავაჭრო ბრუნვა 96 პროცენტით გაიზარდა და თითქმის 140 მილიარდი რუბლი შეადგინა.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება და ორმხრივ ვაჭრობაში ახალი რეკორდული მაჩვენებლების მიღწევა“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

მან შეახსენა, რომ სომხეთში წარმატებით მუშაობს 4,5 ათასზე მეტი რუსული კომპანია, ხოლო რუსული ინვესტიციები სომხეთის ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 46 პროცენტს აღემატება.

„აუცილებელია ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდისთვის არსებული შესაძლებლობების გამოყენება და რა თქმა უნდა ჩვენი ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია ამ პრობლემას აგვარებს“, – განაცხადა მიშუსტინმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ახალი ერთობლივი პროექტების წამოწყებით ენერგეტიკის, სამთო მოპოვების, დიგიტალიზაციისა და აგროინდუსტრიის სფეროებში.

„რუსული კომპანიები მზად არიან შესთავაზონ მოწინავე გადაწყვეტილებები, მათ შორის ელექტრონული მმართველობის, ჭკვიანი, უსაფრთხო ქალაქის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სფეროებში. არის არაერთი პროექტი“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

მიშუსტინმა ასევე ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის საკითხზე.

„რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეთანხმების მიხედვით, ჩვენ ვაწარმოებთ სისტემატიურ მუშაობას სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის მიმართულებით. ახალი ინფრასტრუქტურული მარშრუტების შექმნა ზოგადად რეგიონის ყველა სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button