ეკონომიკა

სომხეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა სიმდიდრის პროპორციული განაწილებით. ფინანსთა მინისტრი

სომხეთის ჯინის კოეფიციენტი, რომელიც ახასიათებს ქვეყანაში შექმნილი ღირებულების განაწილების პროპორციულობას მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შორის, 2021 წელს 0,27 იყო. News.am-ის გადმოცემით, ამის შესახებ 14 ივნისს, პარლამენტის სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვჰანნისიანმა.

მინისტრის თქმით, ჯინის კოეფიციენტი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, თუმცა მასზე სომხეთში ბევრს არ საუბრობენ. „ეს ახასიათებს ქვეყანაში შექმნილი ღირებულების განაწილების პროპორციულობას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის. თუ ინდექსი ნულთან ახლოსაა, მაშინ სიმდიდრე ნაწილდება პროპორციულად, თუ ინდექსი ერთთან ახლოსაა, მაშინ ის უკიდურესად არაპროპორციულია. სომხეთი ამ მაჩვენებლით ყველაზე დაბალ ქვეყნებს შორისაა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 0,27 იყო. შედარებისთვის უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ინდექსი 0.34-ია, შვედეთის – 0.28, ხოლო საფრანგეთის – 0.30-ია“, – განაცხადა ჰოვჰანნისიანმა.

არანაკლებ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია „სიღარიბის ელასტიურობის“ ინდექსიც, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად მოქმედებს მთლიანი შიდა პროდუქტის 1 პროცენტული პუნქტით ზრდა სიღარიბის დონეზე. „ამგვარად, ბოლო წლების მაჩვენებლების ანალიზი აჩვენებს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი პროცენტული პუნქტით ზრდა იწვევს სიღარიბის ერთი პროცენტით შემცირებას. დარწმუნებული ვარ, რომ 2022 წლის სიღარიბის ინდექსის გამოქვეყნების შემდეგ, სიღარიბის ინდექსის შემცირებას დავაფიქსირებთ“, – დაასკვნა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button