ფაშინიანის მონაწილეობით 44-დღიანი ომის გარემოებების შემსწავლელი კომისიის სხდომაში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს
ეროვნული ასამბლეის ოპოზიციურმა ფრაქციებმა „სომხეთი“ და „მაქვს პატივი“ განაცხადეს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას 44-დღიანი ომის გარემოებების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
როგორც იუწყება Armenpress-ი, ამის შესახებ ოპოზიციურმა ფრაქციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ოპონენტები კომისიის სხდომაში მიუღებლობას ამართლებენ იმით, რომ საგამოძიებო კომისიის ფორმირება თავად მმართველი უმრავლესობის მიერ ვერ უზრუნველყოფს მიუკერძოებლობას და ყოვლისმომცველობას, რადგან მათი თქმით, მმართველი ძალის აბსოლუტური უმრავლესობით კომისიას არ შეუძლია ობიექტურად შეისწავლოს საკუთარი ხელისუფლების, მთავრობის საქმიანობა.
ოპოზიციური ფრაქციები აცხადებენ, რომ ფაშინიანის ადრე გამოცხადებული ინიციატივა საჯარო, ცოცხალი ჩვენების მიცემის შესახებ არანაირად არ შეუწყობს ხელს 44-დღიანი ომის გარემოებების შესწავლას, რადგან საჯარო ჩვენებების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება სახელმწიფო საიდუმლოს, სამხედრო, დიპლომატიური ინფორმაციის გამოქვეყნება, ან მათ შესახებ კითხვების დასმა.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთ დაკითხულზე გამონაკლისის დაშვების შემთხვევაში საგამოძიებო კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თანასწორობისთვის ყველა დაკითხულის ჩვენება და პასუხი.