უკრაინაში სამხედრო ოპერაციების გამო, ევროკავშირმა მოსკოვს სანქციების 10 პაკეტი დაუწესა. მოახლოებული მე-11 პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირი გეგმავს არსებული შეზღუდვების გამკაცრებას და მათი გვერდის ავლის უფრო მკაცრად კონტროლს. სომხეთმა და ყაზახეთმა პირობა დადეს, რომ შეზღუდავენ რუსეთთან სამხედრო აღჭურვილობითა და ფუფუნების პროდუქციით ვაჭრობას, რათა თავიდან აიცილონ ევროკავშირის სანქციები. როგორც იუწყება Armenpress-ი, ამ თემაზე გამოცემა POLITICO სრ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მნაცაკან საფარიანს ესაუბრა.
POLITICO აღნიშნავს, რომ როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი, რაც გულისხმობს საქონლის თავისუფალ მოძრაობას გაერთიანების ქვეყნებს შორის, ტექნიკურად რთული ხდება სომხეთისთვის პოტენციურად მგრძნობიარე საქონლის ნაკადის შეზღუდვა.
„მიუხედავად იმისა, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი გარანტიას იძლევა საქონლის თავისუფალ გადაადგილებას, ჩვენ არ შეგვიძლია სანქციების ქვეშ მოვექცეთ, ჩრდილოვან საქმიანობებში ჩართვით, სანქციების გვერდის ავლით“, – თქვა საფარიანმა.
„ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ასეთი განვითარება – ქვეყნის ან ჩვენი კომპანიების სანქციების ქვეშ აღმოჩენა გავლენას მოახდენს ჩვენს ეკონომიკაზე, და სომხეთისთვის გაუსაძლისი ვითარება შეიქმნება ეკონომიკისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – განაცხადა სრ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
სომხეთმა ახლა საჯაროდ აიღო ვალდებულება ითანამშრომლოს ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან „საშიში საქონლით“ ვაჭრობის დაბლოკვის მიზნით. გასულ თვეში ერევანმა შეადგინა ისეთი პროდუქციის სია, რომლებზეც მკაცრი კონტროლის ზომებია გამოყენებული. ეს ის პროდუქტებია, რომლებიც საბოლოოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის იარაღის ინდუსტრიაში.
POLITICO დასძენს, რომ “როგორც რეგიონის ერთ-ერთი განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანა, რომლის მთავრობამაც მნიშვნელოვანი პროგრესი მიაღწია სამოქალაქო თავისუფლებებისა და პრესის თავისუფლების საკითხში, ერევანი შორდება თავის ტრადიციულ მოკავშირეს რუსეთს და ეძებს უფრო მჭიდრო კავშირებს დასავლეთთან.”
„ჩვენი პოლიტიკა ეფუძნება დიალოგს ევროკავშირთან და აშშ-სთან. თუმცა, ჩვენ ასევე ვმუშაობთ რუსეთთან, რომ შევძლოთ ამ საკითხების მოგვარება, რადგან ჩვენი ეკონომიკა ძალიან ურთიერთდაკავშირებულია“, – განაცხადა მნაცაკან საფარიანმა.