22-23 ივნისს სომხეთში აშშ-ის საელჩო ერევანში აშშ-ის კანზასის შტატის გუბერნატორს ლორა კელის უმასპინძლებს. გუბერნატორის ვიზიტის მიზანია სომხეთსა და კანზასს შორის თანამშრომლობის 20 წლის იუბილეს აღნიშვნა და კანზასის შტატსა და სომხეთს შორის კავშირების კიდევ უფრო გაძლიერება.
გუბერნატორ კელის თან ახლავს ამერიკელი ბრიგადის გენერალი მაიკლ ვენერდი, რომელიც სომხეთში კანზასის ეროვნული გვარდიის მეთაურის თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველად იმყოფება.
როგორც იუწყება News.am-ი, გუბერნატორ კელის და ბრიგადის გენერალ ვენერდის დელეგაცია შეხვდება სრ პრემიერ-მინისტრს და სხვა მაღალჩინოსნებს, განსაკუთრებით თავდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლებისა და ეკონომიკის მინისტრებს. ისინი ასევე მოინახულებენ მე-12 სამშვიდობო ბრიგადას, სამხედრო ჰოსპიტალს, ეროვნული თავდაცვის კვლევით უნივერსიტეტს, სამხედრო უნივერსიტეტსა და სომხეთის ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტს.
კანზასის შტატსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის პარტნიორობის პროგრამა დაიწყო 2003 წელს სომხეთს, აშშ-ის კანზასის შტატსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერით. პროგრამის ფარგლებში კანზასის ეროვნული გვარდია მჭიდროდ თანამშრომლობდა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, ახორციელებდა ერთობლივ ინიციატივებს: სამხედრო წვრთნა, საგანგებო მზადყოფნა, ასევე გაცვლა სამართალდაცვის, ბიზნესის, მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში.