პოლიტიკა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საფრანგეთი მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია, ყოველდღიურად ვხედავთ, რამდენად დიდია ამის სურვილი ქართველი ხალხის მხრიდან

,,პირველი არხი” წერს, რომ ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირში გასაწევრიანებლად, – ამის შესახებ საფრანგეთის ევროპის საკითხთა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კეტრინ კოლონამ სტოკჰოლმში, ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომელზეც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიშს მოისმენენ.

მისივე თქმით, საფრანგეთი მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია.

„ვფიქრობ, არაფორმალურ შეხვედრაზე კომისიის ანგარიშის მოსმენამდე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ მოვუსმენთ მათ. ეს არაფორმალური შეხვედრაა და ამ შეხვედრის მიზანს ამ ქვეყნების დახმარება წარმოადგენს ფორმალური ანგარიშის წარდგენამდე, რომელიც ოქტომბერში მოხდება. საფრანგეთი ძალიან მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია და ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, თუ რამდენად დიდია ამის სურვილი ქართველი ხალხის მხრიდან. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირში გასაწევრიანებლად. დღეის მდგომარეობით, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ იმდენად მზად ვართ, მივიღოთ საქართველო, რამდენადაც საქართველო დაეხმარება საკუთარ თავს, გააკეთოს ყველაფერი“, – განაცხადა ქეთრინ კოლონამ.

მისივე თქმით, თუ რეკომენდაციები პოზიტიური იქნება, მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„მაგრამ ჯერ უნდა ვნახოთ რეკომენდაციები. ასევე, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია დახმარება რეფორმების განხორციელებაში, ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა. ასევე, საჭიროა, რომ მთავრობამ გააკეთოს მტკიცე განცხადებები ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ქეთრინ კოლონამ.

კითხვაზე, სჭირდება თუ არა რეფორმები თავად ევროკავშირსაც, კეტრინ კოლონამ აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი.

„სრულად ვეთანხმები ამას. 27 პლუს ათი თუ რვა, ეს იქნება დიდი შოკი ევროკავშირისთვის. ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომ ევროკავშირი იყოს მორგებული ამაზე. ჩემს გერმანელ კოლეგასთან ერთად, ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი იმის გასაანალიზებლად, თუ რა ტიპის რეფორმებია საჭირო და ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავაკავშიროთ ევროკავშირის რეფორმები, როდესაც პარალელურად ეს ქვეყნები განახორციელებენ თავიანთ რეფორმებს“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button