მთავარიპოლიტიკა

აშშ-ის კონგრესში მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოსმენები გაიმართა

აშშ-ის კონგრესის ადამიანის უფლებათა კომიტეტში მოსმენები გაიმართა თემაზე „მთიანი ყარაბაღის ხალხის დაცვა“.

მოსმენების წინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლაჩინის დერეფანი 7 თვეა გადაკეტილია, 23 აპრილს კი აზერბაიჯანმა დაარღვია 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და იქ სამხედრო საგუშაგო დაამონტაჟა. ამჟამად, რიგი საერთაშორისო აქტორები, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ცდილობენ შეამცირონ ახალი ფართომასშტაბიანი ომის რისკი. ერთ-ერთი მთავარი საკითხია ეთნიკური სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების სათანადო დაცვა მთიან ყარაბაღში, სადაც აზერბაიჯანი ცდილობს კონტროლის დამყარებას.

დაახლოებით ორსაათიანი დისკუსიის დროს კონგრესმენმა ჯიმ მაკგოვერნმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აშშ-მა ოფიციალურად აღიარა 1915-1917 წლებში სომეხთა გენოციდი სულ რაღაც ორი წლის წინ. და მიუხედავად იმისა, რომ ეს სისასტიკე 100 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა, ბევრი სომეხი მსგავსებას პოულობს დღევანდელ სიტუაციასთან.

„სწორედ ამ კონტექსტში განიხილება და ინტერპრეტირებულია აზერბაიჯანის მთავრობის ქმედებები“, – განაცხადა მაკგოვერნმა.

კონგრესმენის თქმით, აზერბაიჯანული მხარე აზერბაიჯანის სუვერენიტეტზე საუბრობს, რადგან მთიანი ყარაბაღი აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ მის ნაწილად. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა, გასაგები მიზეზების გამო, თავს დაუცველად და საფრთხის ქვეშ გრძნობს.

„აუცილებელია მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, რაც გულისხმობს ყველა შესაძლო ღონისძიების გამოყენებას შემდგომი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ახალი ომები და ახალი სისასტიკეები“, – ხაზგასმით აღნიშნა მაკგოვერნმა.

მეორე სპიკერმა, American Enterprise Institute-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, მაიკლ რუბინმა, განაცხადა, რომ თუ სახელმწიფო დეპარტამენტს სურს მშვიდობის მიღწევა მთიან ყარაბაღში, მან უნდა უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ აქტის შესრულება, გლობალური სანქციების გამოყენება, „მაგნიტსკის კანონი“, ასევე შეზღუდოს ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი, დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა, თვალყური ადდევნოს პროვოკაციებს და დაამყაროს თანაცხოვრების სხვა მოდელები.

„კომისიის წევრები უნდა ეწვიონ მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზის ორივე მხარეს, რათა ადგილზე დაადასტურონ ფაქტები“, – განაცხადა რუბინმა.

მოსმენაზე სიტყვით გამოვიდა სომხეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ევანსიც. ის მიზანშეწონილად მიიჩნევს  თავისუფლების მხარდაჭერის კანონის 907-ე მუხლზე დაბრუნებას, რომელიც კრძალავს აზერბაიჯანისთვის სამხედრო ტექნიკის მიყიდვას.

„კარგი იქნებოდა, შეჩერებულიყო თურქული და ისრაელის იარაღის ბაქოსთვის მიყიდვა“, – ამბობს ევანსი.

მან მოუწოდა აზერბაიჯანის მთავრობასთან უმაღლეს დონეზე  განხილვისკენ ბაქოს სამომავლო ქმედებების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდა მიუღებელია.

კონგრესმენმა ფრენკ პალონემ მოუწოდა, არ შემოიზღუდონ ამით და დაიწყონ არსებული დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენება, მათ შორის სანქციები, რათა საბოლოოდ დასრულდეს ეს „მიზანმიმართული კრიზისი“.

„ჩვენი ქვეყანა გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ აგრესიის და აგრესიული ქცევის შესაჩერებლად და შეუძლია დაეხმაროს უდანაშაულო არცახის მოქალაქეებს იცხოვრონ თავიანთ მიწებზე თავდასხმის შიშის გარეშე და მხარი დაუჭირონ მათ თვითგამორკვევის მისწრაფებას“, – თქვა ფალონემ.

მომავალ კვირას ვაშინგტონში ერევანსა და ბაქოს შორის მოლაპარაკებების განახლების პროგრამის მხედველობაში მიღებით, მან მოუწოდა თეთრი სახლის ადმინისტრაციას, არ დაუშვას, რომ აზერბაიჯანის საომარი ქცევა კარნახობდეს საბოლოო შეთანხმების პირობებს. მისი თქმით, ეს არ მოიტანს გრძელვადიან მშვიდობას.

კიდევ ერთმა კონგრესმენმა, ადამ შიფმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა ავტორიტარული აზერბაიჯანის მიერ დროდადრო ექვემდებარება ეთნიკურ წმენდას და გენოციდის საფრთხის წინაშე დგას.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აგრძელებს ძალის, მუქარისა და ტერორისტული აქტების გამოყენებას არცახის მოქალაქეების დეპორტაციის ან განადგურების და სომხეთის ტერიტორიებზე კონტროლის დამყარების მიზნით“, – განაცხადა შიფმა.

მან მოიხსენია გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება. კონგრესმენმა შეახსენა, რომ მთიან ყარაბაღმა ჯერ კიდევ 1991 წლის 10 დეკემბერს ჩაატარა რეფერენდუმი და გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

მისი აზრით, აშშ-მ მხარი უნდა დაუჭიროს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას და გვერდში დაუდგეს, რათა მიაღწიოს იმ აღიარებას, რასაც სხვა ხალხების მსგავსად არცახის სომხები იმსახურებენ.

კონგრესმენის თქმით, აშშ-მ უნდა მოუწოდოს ბაქოს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა სომეხი სამხედრო ტყვე,  სანქციებით და დახმარების შეჩერებით აზერბაიჯანს დააკისროს პასუხისმგებლობა ლაჩინის დერეფნის მუდმივ ბლოკადაზე.

მანამდე აშშ-ის კონგრესის 54-მა წარმომადგენელმა კონგრესმენ ბარბარა ლის ხელმძღვანელობით წერილი გაუგზავნა სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და მოითხოვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეწყვიტოს სამხედრო დახმარება აზერბაიჯანისთვის და დაეხმაროს მთიან ყარაბაღს.

ნახეთ მეტი
Back to top button