აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჯეიჰუნ ბაირამოვი და არარატ მირზოიანი მზად არიან ხვალ, 27 ივნისს დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, რათა შეეცადონ დაძლიონ უთანხმოება და დადონ გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმება. Factor.am-ის გადმოცემით, ამის შესახებ აზერბაიჯანულ სააგენტო Turan-ს ვაშინგტონში ორმა დიპლომატიურმა წყარომ აცნობა. მათივე თქმით, მოლაპარაკებები, რომელიც თავდაპირველად ორი კვირის წინ უნდა დაწყებულიყო, „გრაფიკის საკითხების“ გამო გადაიდო. „სხვა მიზეზი არ ყოფილა, გარდა გრაფიკთან დაკავშირებული პრობლემებისა“, – განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა. შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები აზერბაიჯანის მოთხოვნით გადაიდო. ეს იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიწვევით. მოსალოდნელია, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დახურული დისკუსია განაახლონ. როგორც ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, შეხვედრა არლინგტონში, ჯორჯ შულცის საგარეო ურთიერთობების ეროვნულ სასწავლო ცენტრში გაიმართება. მეორე წყაროს თქმით, მოლაპარაკებები შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს, 29 ივნისამდე. მედია ასევე აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ წინა მოლაპარაკებები აშშ-ში 1-4 მაისს გაიმართა. ემა ჩობანიანი
მსგავსი სტატიები
ცესკო – საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში 122 864-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა
13.09.2024, 16:17
დერეფნის გამო რუსეთსა და ირანს შორის ჩხუბი გამწვავდება. პუტინს ხელში ხელკეტი აქვს სომხეთისა და აზერბაიჯანის დასაშანტაჟებლად: ლილით დალაქიანი.
13.09.2024, 13:15