ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესია ერევანში გაიმართება. გადაწყვეტილება ასამბლეის მუდმივმა კომიტეტმა 30 ივნისს კანადაში, ვანკუვერში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ (ზაფხულის) სესიაზე მიიღო.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში სომხური დელეგაციის ხელმძღვანელმა სარგის ხანდანიანმა კონფერენციის დელეგატების სომხეთში მიწვევისას აღნიშნა: „უსაფრთხოების გამოწვევები კვლავ არყევს ეუთოს რეგიონს და ამ პირობებში საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა და დიალოგი უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
ასამბლეის საშემოდგომო სესიის ერევანში გამართვით, ასამბლეის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ და გაცვალონ იდეები სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გამოწვევებზე და მათ შედეგებზე“.
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო პლატფორმა აერთიანებს 320-ზე მეტ დეპუტატს 57 წევრი ქვეყნიდან. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს საპარლამენტთაშორისო დიალოგსა და ეუთოს უსაფრთხოების ყოვლისმომცველ მიზნებს.