საერთაშორისო

ზურაბიშვილი: იკმარონ ბინადრობა, რაში ჭირდება რუსს საქართველოს მოქალაქეობა?

„ნეტგაზეთი“ ციტირებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს, რომელიც ჟურნალისტებს შეხვდა და სხვადასხვა თემაზე მათ კითხვებს უპასუხა, მოქალაქეობის მინიჭების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა სურთ, უარს ეუბნება. “იკმარონ ბინადრობა”, – აცხადებს ის.

ზურაბიშვილმა თავდაპირველად ისაუბრა რუსეთი მოქალაქე ეთნიკურ ქართველებზე, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურთ.

მისი თქმით, კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს მოქალაქეობის მინიჭებაზე და რომელშიც პრეზიდენტს ორი წარმომადგენელი ჰყავს და არა უმრავლესობა, უმეტეს შემთხვევაში არ იღებს დადებით გადაწყვეტილებას ეთნიკურ ქართველებთან დაკავშირებით.

“ჩვენთვის ესენი დასაკარგი არ არიან, წარმოშობით ქართველები. კომისიაში მაქვს ორი ხმა, არა უმრავლესობა და  ჩემი წევრები კომისიაში მუდმივად დადებით შეფასებას იძლევიან, თუ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამ ადამიანზე რამე კითხვები არ არის”, – განაცხადა მან.

“რაც შეეხება რუსებს, მე არ მიმაჩნია, რომ რუსეთში მცხოვრები წარმოშობით ქართველები, რომლებსაც სურთ რომ დაბრუნდნენ სხვადასხვა მიზეზის გამო, წარმოადგენენ უფრო დიდ საფრთხეს, ვიდრე ის რუსი მიგრანტები, რომლებსაც მკლავებს ვუხსნით და ვეუბნებით, შემოდით.

ჩვენ [საქართველო] ქართველებს უფრო ვურთულებთ საქმეს.  სამაგიეროდ, მე კატეგორიულად ვბლოკავ იმ რუსებს, არაქართული წარმოშობის, რომლებიც ვითომ შემოდიან  რაღაცა ინვესტიციებით, ხან პატარა, ხან უფრო დიდი.  ამ ქვეყანაში, სადაც ინვესტიცია, ბიზნესის წარმოება, ბინადრობა, ეს ყველაფერი ძალიან მარტივია,  რაში ჭირდება რუსეთელ რუსს, რომ მივცე მე მოქალაქეობა?

ეს ნაწილი,  საინვესტიციო, კიდევ კარგი  ჯერჯერობით ჩემს ხელშია. სანამ არ შეცვლიან. ამიტომ იმათ  [რუსებს] არ ვაძლევ მოქალაქეობას.  იმყოფინონ ის ბინადრობა და მე ვფიქრობ, ეს ინვესტიციებიც  უფრო მეტად უნდა გაკონტროლდეს. სწორედ სანქციების პირობებში მნიშვნელოვანია, რომ მეტი ზედამხედველობა იყოს.  მხოლოდ ორნიშნა ეკონომიკის ზრდა არ არის ყველაფრის ახსნა და ყველაფრის გამართლება. უნდა იყოს კონტროლი რუს ბიზნეს -ინვესტორებზე, რომლებიც ზოგჯერ არიან რუსები რუსეთიდან, ზოგჯერ არიან რუსები კვიპროსიდან, ზოგჯერ არიან რუსები ისრაელიდან”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button