უცხოური ტვირთების გადამზიდველები თავს არიდებენ გადასახადების გადახდას – დარგის პრობლემები ეროვნულ ასამბლეაში განიხილეს
ბაზარზე, სხვა ქვეყნების ზოგიერთ ტვირთგამზიდველთან შედარებით, შეიქმნა არათანაბარი პირობები, რის შედეგადაც სომხეთის გადამზიდველები ვერ ახერხებენ კონკურენციას და თანდათანობით გამოძევებულნი არიან ტვირთის გადაზიდვის ბაზრიდან. ამის შესახებ, როგორც Radar.am-ი წერს, განაცხადა სამუშაო დისკუსიაზე ეროვნული კრების თავდაცვისა და უშიშროების მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არმენ ხაჩატრიანმა.
არმენ ხაჩატრიანმა დარგში არსებული ვითარების პრეზენტაციისას განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში სომეხ გადამზიდველებს პრობლემები შეექმნათ. ტვირთის გადამზიდავი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დეტალურად წარმოადგინეს არსებული პრობლემები. მათივე თქმით, ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის სანომრე ნიშნით მძღოლი თავს არიდებს გადასახადების გადახდას, რის გამოც საქონელი ყველაზე იაფად შემოაქვს ან ექსპორტს ახორციელებს და ასევე ეწევა დიზელის საწვავის უკანონო რეალიზაციას.
რიგ საკითხებთან დაკავშირებით განმარტებები წარმოადგინა ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურების მინისტრის მოადგილემ არმენ სიმონიანმა. მისი თქმით, სომხეთსა და საქართველოს შორის დადებული სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით ორივე მხრიდან ტვირთების გადაზიდვა ლიბერალიზებულია. 2019 წლიდან სომხური სანომრე ნიშნებით ტვირთგამზიდველები საგზაო გადასახადისგან თავისუფლდებიან. მინისტრის მოადგილის თქმით, ლიბერალიზებული რეჟიმი მოქმედებს.
წამოჭრილი საკითხების აღნიშვნისას არმენ ხაჩატრიანმა ხაზი გაუსვა ტვირთის გადაზიდვის განმახორციელებელ ორგანიზაციებს შორის თანაბარი კონკურენტული პირობების შექმნის აუცილებლობას. მან ასევე ხაზი გაუსვა ტვირთების გადაზიდვაზე კონტროლის გაძლიერების მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ საკითხზე დისკუსია გაგრძელდება მანამ, სანამ შესაბამისი გადაწყვეტილებები არ მოიძებნება.