მთავარიპოლიტიკა

ჩვენ დიდად ვაფასებთ აშშ-ის პოზიციას სრ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში. ფაშინიანმა მიულოცა ბაიდენს

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. Armenpress-ის ინფორმაციით, მილოცვაში, კერძოდ, ნათქვამია:

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,

სომხეთის რესპუბლიკისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და შეერთებული შტატების მეგობარ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.

შეერთებულმა შტატებმა და მისმა ხალხმა გაიარეს სახელმწიფოს აშენების რთული პროცესი დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ გაერთიანებით, დემოკრატიული მომავლის ხედვის ჩამოყალიბებით და სირთულეების ერთად გადალახვის გზით. ამერიკის უწყვეტი ლიდერობა დემოკრატიის საკითხში ხელს უწყობს თავისუფლების, თანასწორობისა და ადამიანის გაუსხვისებელი უფლებების ფუნდამენტური ღირებულებების პოპულარიზაციას ბევრ ქვეყანაში.

სომხურ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობები ბოლო წლებში პერსპექტიულია, განსაკუთრებით დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროებში. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენს მთავრობებს შორის არსებობს ურთიერთნდობაზე დამყარებული თანამშრომლობა, რაც არსებული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის და ჩვენს სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის კავშირის კიდევ უფრო გამყარების შესაძლებლობას იძლევა.

ჩვენ დიდად ვაფასებთ შეერთებული შტატების პოზიციას სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერის კუთხით, რაც პრაქტიკაში გამოვლინდა 2021-2022 წლებში. ჩვენ ასევე დიდად ვაფასებთ აშშ-ის ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი და სტაბილური მშვიდობის დამყარების, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოწესრიგებისა და მთიანი ყარაბაღის ხალხის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით. სომხეთის რესპუბლიკა აგრძელებს სამშვიდობო დღის წესრიგის დაცვას სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობისთვის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობიანი განვითარების მიზნით.

ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ თქვენ და ამერიკელ ხალხს კეთილდღეობას, მშვიდობას და წინსვლას“.

ნახეთ მეტი
Back to top button