მთავარიპოლიტიკა

ბრიუსელში გამართულ სამმხრივ შეხვედრას ლაჩინის დერეფნის გახსნის კუთხით რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია  –  ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 15 ივლისს ბრიუსელში მის, ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჩარლზ მიშელსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის გამართულ სამმხრივ შეხვედრას ლაჩინის დერეფნის გახსნისა და მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევის კუთხით რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. ბაქო აგრძელებს ეთნიკური წმენდის პროგრამას მთიან ყარაბაღში.

ამის შესახებ ფაშინიანმა მთავრობის სხდომის დაწყებისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, ამ შეხვედრას არ მოჰყოლია რაიმე კონკრეტული შედეგი ლაჩინის დერეფნის გახსნისა და მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევის კუთხით. პოლიტიკურად, შეხვედრის შემდეგ თავის განცხადებაში, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ლაჩინის დერეფნის გახსნის აუცილებლობას, ასევე მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხილვის აუცილებლობას სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის დიალოგის გზით.

სომხური მხარის რწმენა იყო და რჩება, რომ საერთაშორისო ჩართულობისა და მექანიზმების გარეშე, ეს დიალოგი ვერ იქნება ეფექტური, თუნდაც იმიტომ, რომ ბაქო აგრძელებს აგრესიულ და მუქარის რიტორიკას მთიანი  ყარაბაღის  სომხების მიმართ, რომელთა ღრმა მიზანია ეთნიკური წმენდის განხორციელება.

„ახლა ეს უკვე არა თეორიული პრეტენზიაა, არამედ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირებით განხორციელებული კონკრეტული გეგმა, რომლის პირდაპირი გამოვლინებაა მთიანი ყარაბაღისთვის ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, სურსათის და სხვა აუცილებელი საქონლის სრული ნაკლებობა, რათა  შეუძლებელი გახდეს  სომხების ცხოვრება მთიან ყარაბაღში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან ასევე, სინანულით აღნიშნა, რომ საერთაშორისო სასამართლოს 22 თებერვლისა და 6 ივლისის იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილებები, რომლითაც აზერბაიჯანი ვალდებულია გახსნას ლაჩინის დერეფანი, დღემდე არ შესრულებულა.

მიუხედავად ამისა, პრემიერმა ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების აუცილებლობას. მისი თქმით, ასევე აუცილებელია საერთაშორისო პრესაში მაქსიმალურად ფართოდ გაშუქდეს მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი.

ნახეთ მეტი
Back to top button