მთავარიპოლიტიკა

ამ დროისთვის მშვიდობის ყველაზე დიდი დაბრკოლება აზერბაიჯანის აგრესიული და უკანონო ქმედებებია. ფაშინიანი

სომხეთმა საქმით დაამტკიცა, რომ ხელისუფლებას და ხალხს აქვს რეგიონში სტაბილური მშვიდობის დამყარების რეალური ნება. სომხეთის მთავრობა დარწმუნებულია, რომ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარებამ შეიძლება მნიშვნელოვანი გლობალური სარგებელი მოიტანოს.

Armenpress-ის გადმოცემით, ამის შესახებ განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფრანგულ ჟურნალ Le Monde-ში გამოქვეყნებულ თავის სტატიაში, შეეხო რა 15 ივლისს ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრას, რომელიც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სხვადასხვა ფორმატში და სხვადასხვა დედაქალაქში შეხვედრების სერიიდანბოლოა.

„მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო შეთანხმების კონტურები ყალიბდება, მაინც არსებობს მნიშვნელოვანი დაბრკოლებები მის რეალობად საქცევად. ამ ათწლიანი დაბრკოლებების გადალახვა მხოლოდ იმ პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერით იქნება შესაძლებელი, რომლებსაც ნამდვილად სჯერათ მშვიდობის სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ამ მომენტისთვის მშვიდობის ყველაზე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს აზერბაიჯანის აგრესიული და უკანონო ქმედებები მთიანი ყარაბაღის გარშემო, კერძოდ, ლაჩინის დერეფანში და ასევე სომხეთის საზღვრებზე. ლაჩინის დერეფანი არის ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს მთიანი ყარაბაღის სომხებს გარე სამყაროსთან. დეკემბრიდან აზერბაიჯანმა მკაცრად შეზღუდა დერეფანში შესვლა გარემოსდაცვითი პროტესტის ცრუ საბაბით. ახლა ბაქო კიდევ უფრო შორს წავიდა, დერეფნის შესასვლელთან სასაზღვრო გამშვები პუნქტი მოათავსა, რამაც მთლიანად შეაფერხა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მოძრაობა. ეს ნიშნავს, რომ საკვების, მედიკამენტების და პირველადი მოხმარების საგნების მიწოდება მნიშვნელოვნად შეფერხებულია. Amnesty International-მა, Human Rights Watch-მა, ევროპარლამენტმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და სხვა გავლენიანმა ორგანიზაციებმა გააფრთხილეს განვითარებული ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ.

„ხალხისა და სატრანსპორტო საშუალებების შესვლის ბლოკირებით აზერბაიჯანი მიზანმიმართულად აფერხებს მთიანი ყარაბაღის გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდებასაც. ეს ქმედებები დაემთხვა მზარდ აგრესიულ რიტორიკას, პროპაგანდას და აზერბაიჯანული ძალების მიერ ადგილობრივ მაცხოვრებლებზე სროლებსაც კი. მიზანი მარტივია: რაც შეიძლება მეტად გაურთულდეს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას ცხოვრება და საბოლოოდ აიძულოს ისინი დატოვონ თავიანთი სახლები. ეს არის ეთნიკური წმენდის სახელმძღვანელო მაგალითი. თუ საერთაშორისო თანამეგობრობა რეაგირებას არ მოახდენს, ეს იქნება კაცობრიობის მორიგი წარუმატებლობა“, – განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გადადგას გაბედული ნაბიჯები მთიანი ყარაბაღის სარაევოს მსგავსუ ალყის დასასრულებლად. ბლოკადა არის აზერბაიჯანის მიერ კანონიერად დადგენილი ვალდებულებების დარღვევა და რაც მთავარია, ეს არის საერთაშორისო სასამართლოს მრავალი მსგავსი გადაწყვეტილების დარღვევა. თებერვალში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანმა უნდა „იღონოს ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებელი მოძრაობა ლაჩინის დერეფნის გავლით ორივე მიმართულებით“. თუმცა, ხუთი თვე გავიდა და მდგომარეობა გაუარესდა. ევროკავშირმა განმარტა, რომ აზერბაიჯანის ქმედებები მიუღებელია. ევროკავშირმა ახლა უნდა გამოიყენოს თავისი ბერკეტები ბაქოზე, როგორც ენერგეტიკულ პარტნიორზე ზეწოლისთვის, რათა განახორციელოს საერთაშორისო სასამართლოს სავალდებულო გადაწყვეტილება. ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვადასხვა ეროვნულმა პარლამენტებმა მიიღეს რეზოლუციები, რომლებიც  ევროკავშირს უბიძგებენ სწორედ ამისკენ.

„მიმდინარე კრიზისი ხაზს უსვამს იმას, თუ რატომ აქვს ძირითადი მნიშვენლობა სამხრეთ კავკასიაში მთიანი ყარაბაღის 120 000 სომეხის უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს გადამწყვეტი როლი აკისრიათ. ბაქოსა და მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას შორის უნდა იყოს ოფიციალური დიალოგი, რომლის ეფექტურობა მოითხოვს საერთაშორისო მექანიზმის შექმნას და საერთაშორისო პარტნიორების გარანტიებს უსაფრთხოებისა და ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მთიან ყარაბაღში მცხოვრები ხალხის უფლებები და უსაფრთხოება არის საკვანძო საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს, რათა ჩვენს რეგიონში ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობა მივაღწიოთ. სხვა საკითხებიც უნდა მოგვარდეს. აზერბაიჯანი კვლავ უარს ამბობს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღიარებაზე, ოკუპირებულია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის ნაწილი და ინახავს სამხედრო ტყვეებს, რომელთა დაბრუნებაც 2020 წელს ევალებოდათ. ამის მოთმენა არ უნდა იყოს. სამშვიდობო პროცესის თანმიმდევრულ ტორპედირებას უნდა ჰქონდეს შედეგები. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზერბაიჯანული ძალები, რომლებმაც ალყა შემოარტყეს მთიან ყარაბაღს, დაიჯერებენ, რომ ისინი თავისუფლები არიან და შეუძლიათ დაუსჯელად იმოქმედონ.

სომხეთი ღრმად აფასებს ევროკავშირის შუამავლობასა და მხარდაჭერას, კერძოდ, სომხეთში ევროკავშირის მისიის შექმნას. ფაშინიანის თქმით, ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი აზერბაიჯანთან ჩვენი საერთაშორისო საზღვრის მონიტორინგისთვის, ადგილზე სტაბილურობის გაზრდისა და სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრებ ხალხთან ნდობის გასაძლიერებლად.

სომხეთის მთავრობამ და ხალხმა შეგნებულად განახორციელეს პოლიტიკური და ინსტიტუციური რეფორმები ადამიანის უფლებების დასაცავად, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლებისა და კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. სომხეთის პროგრესი საერთაშორისო რეიტინგებში ასახავს ჩვენს მიღწევებსა და მონდომებას და ევროკავშირის მხარდაჭერა ამ პროცესებში ძალიან დასაფასებელია. „დემოკრატიული მომავლისადმი ეს ურყევი ერთგულება დაეხმარა სომეხ ხალხს რთული პერიოდის გადატანაში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ვალდებულებას რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად. სწორედ ახლა არის ასეთი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა. სომხეთის მთავრობა ამ პროცესის ერთგულია და მის მისაღწევად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ახლა ჩვენ გვჭირდება ევროპისა და პარტნიორების მხარდაჭერა მთელს მსოფლიოში, რათა აზერბაიჯანმაც შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. თუ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ, სტაბილურ სამშვიდობო შეთანხმებას შეუძლია ჭეშმარიტად გლობალური სარგებელი მოიტანოს“, – დაასკვნა სრ პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button