სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები 25 ივლისს მოსკოვში სამმხრივ შეხვედრას გამართავენ. Armenpress-ის გადმოცემით, ამის შესახებ განაცხადეს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდა სამმხრივი მოლაპარაკებებისა, ასევე გაიმართება ორმხრივი მოლაპარაკებები სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და სერგეი ლავროვს, ასევე ლავროვსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის.
საგარეო პოლიტიკური დეპარტამენტების ხელმძღვანელები გააანალიზებენ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ სიტუაციის დეესკალაციის გზებს, ასევე გაააქტიურებენ რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვარის, 26 ნოემბრის და 2022 წლის 31 ოქტომბრის სამმხრივი შეთანხმებების განხორციელებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მომზადებას, დარჩენილი საკითხების გადაწყვეტის ძიებას, რასაც რუსეთი მზადაა მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი. მინისტრები ასევე განიხილავენ სომხურ-აზერბაიჯანული მოგვარების სხვა საკვანძო საკითხებს, მათ შორის რეგიონში სატრანსპორტო საკომუნიკაციო არხების განბლოკვას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციას, საზოგადოებრივ და ექსპერტულ კონტაქტებს და საპარლამენტო დიალოგის დაწყებას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, ორმხრივ შეხვედრებზე სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან განიხილება სომხურ-რუსული და რუსულ-აზერბაიჯანული დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებთან.