მთავარიპოლიტიკა

მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო ძალების განლაგების მიზანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტის პრევენციაა –  ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთიანი ყარაბაღიდან რუსული სამშვიდობო ძალების გასვლის შესაძლებლობას და მის შემდგომ შესაძლო სცენარებს შეეხო. 25 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო ძალების განთავსებას აქვს მიზანი, რაც ჩაწერილია რუსეთის ფედერალური ასამბლეის შესაბამის გადაწყვეტილებაში.

„ამ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერალური ასამბლეა უფლებას აძლევს რუსეთის პრეზიდენტს, გაგზავნოს სამშვიდობო ძალები მთიან ყარაბაღში, რათა თავიდან აიცილოს ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა. და ეს ფორმულირება აღებულია რუსეთის პრეზიდენტის ფედერალურ ასამბლეაში გამოსვლის დღიდან.  ანუ თავად რუსეთის პრეზიდენტმა მიმართა ფედერალურ ასამბლეას, რომ აუცილებელია მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალების გაგზავნა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის თავიდან ასაცილებლად. ახლა, თუ რუსეთი გადაწყვეტს გასვლას, ნიუანსების მიუხედავად, ეს მაინც ნიშნავს, რომ მთიან ყარაბაღში ასეთი საშიშროება აღარ არსებობს, რადგან თუ მთიან ყარაბაღში ასეთი საშიშროებაა, ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან დასძინა, რომ თუ არ ირსებობს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტის საშიშროება, ეს იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, ბაქო-სტეფანაკერტის დიალოგი საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში ეფექტური აღმოჩნდა და მხარეებმა დააფიქსირეს, რომ აღარ არის სამშვიდობო ძალების არსებობის საჭიროება.

ნახეთ მეტი
Back to top button