კულტურა

გაიმართა ფარაჯანოვის სპექტაკლის „აღსარება“ დახურული ჩვენება

,,ალიქ-მედიის“ ინფორმაციით, თბილისში, ახმეტელის თეატრში, მსოფლიოში ცნობილი თბილისელი სომეხი კინორეჟისორის სერგეი ფარაჯანოვის ბოლო სცენარის მიხედვით შექმნილი თეატრალური სპექტაკლის „აღსარება“ დახურული ჩვენება გაიმართა.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ირაკლი გოგია, მხატვრები ირენა ოგანჯანოვა, გიორგი ყაულაშვილი. როლებს ასრულებდნენ გიორგი გასვიანი, ნინო ციმაკურიძე, ელენე ბეჟიაშვილი, გიორგი ფირანიშვილი, ბორის ღლონტი, გიორგი დვალიშვილი და ანანო გულედანი.

ფარაჯანოვი დაიბადა 1924 წლის 9 იანვარს თბილისში. მე-20 საუკუნის უდიდესი სომეხი კინორეჟისორი დაიბადა და შემოქმედებითი საქმიანობა განახორციელა თბილისში. სიმღერისა და ხატვის შესწავლის შემდეგ, 1946 წელს ჩაირიცხა მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში.

ფარაჯანოვი სიცოცხლის ბოლო წლებში იღებდა ავტობიოგრაფიულ ფილმს „აღსარება“, რომელიც, თუმცა, დაუმთავრებელი დარჩა. ის გარდაიცვალა ისე, რომ ვერ განახორციელა თავისი ბევრი იდეა. სიცოცხლის ბოლო დღეებში ის თბილისში, საკუთარ სახლში საწოლს იყო მიჯაჭვული, როცა სომხეთში გადასვლა გადაწყვიტა.

ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი 20-მდე ფილმია გადაღებული. 1991 წლიდან ერევანში ფუნქციონირებს ფარაჯანოვის მუზეუმი, სადაც გამოფენილია მისი ნახატები, კოლაჟები, მინიატურები, აგრეთვე მისი თბილისის ბინიდან გადმოტანილი ავეჯი და დგამი.

ნახეთ მეტი
Back to top button