საზოგადოება

“მოხარული ვართ, ხელი მოვაწეროთ საქართველოს სკოლებში ჩინური ენის განათლების შესახებ მემორანდუმს” — ღარიბაშვილი

Netgazeti.ge წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს დაწყებით და საშუალო სკოლებში ჩინური ენის განათლების შესახებ მემორანდუმს აფორმებს. ამის თაობაზე მან პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა.

მის ამ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელებს:

“ჩვენი ვიზიტის დროს, მოხარული ვართ ხელი მოვაწეროთ განათლების სფეროში მნიშვნელოვან დოკუმენტს – ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს დაწყებით და საშუალო სკოლებში ერთობლივი ჩინური ენის განათლების შესახებ. მჯერა, რომ ეს დიდად შეუწყობს ხელს ჩვენს მიზანს, გაღრმავდეს ურთიერთგაგება ჩვენს ერებს შორის”, — თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლდა.

“ძალიან მადლობელი ვართ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობისა და თბილი დახვედრისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ უსაზღვროდ მოხარული ვარ, რომ ამიერიდან ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლდა”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტი დაიდგა, რასაც საქართველოს მთავრობის დელეგაცია და ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ.

“ეს შემთხვევა ადასტურებს ჩვენს ორ ერს შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებას და პატივს სცემს იმ მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობას, რომელიც აქვს როგორც საქართველოს, ისე ჩინეთს…

ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი ცერემონია სიმბოლოა ჩვენი ერების მზადყოფნისა, მიიღონ ერთმანეთის მხატვრული და ინტელექტუალური მემკვიდრეობა, ხელი შეუწყონ ურთიერთგაგებასა და პატივისცემას და ხაზი გაუსვან ლიტერატურისა და ხელოვნების ძალას. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეისადმი”, — თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა ჩინეთის განათლების მინისტრმა, უ იენმაც. მისი თქმით, ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების განვითარებას.

მინისტრის მოადგილის თქმით, ჩინეთი მზად არის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გასაღრმავებლად და მისი მასშტაბების გასაზრდელად მზად არის საქართველოსთან იმუშაოს ოთხი მიმართულებით:

  • იენის განცხადებით, ხვალ, 31 ივლისს საქართველოსა და ჩინეთის განათლების მინისტრები ჩინური ენის სწავლების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
  • ამასთან, განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეიქმნება ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი მექანიზმი: “ვვარაუდობთ, რომ მხარეებმა ხელი მოაწერონ ახალ თანამშრომლობის შეთანხმებას აკადემიური კვალიფიკაციებისა და ხარისხების ურთიერთაღიარების შესახებ ახალი თანამშრომლობის საჭიროებათა შესაბამისად, რათა პოლიტიკას ჩაეყაროს საფუძველი განათლების სფეროში შეუფერხებელი თანამშრომლობისთვის. შემოთავაზებულია, რომ ორივე მხარემ შექმნას მრავალი პლატფორმა საგანმანათლებლო თანამშრომლობის მექანიზმებისთვის და პრიორიტეტი მიანიჭოს ჩინეთ-საქართველოს უნივერსიტეტების ალიანსის შექმნას”.
  • შეისწავლიან ჩინეთ-საქართველოს საგანმანათლებლო თანამშრომლობის ახალ მოდელს. კერძოდ, იენის თქმით, ჩინეთი მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოსა და ჰუნანის პროვინციას შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობას. ასევე პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტსა და სხვა ეროვნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რათა ითანამშრომლონ საქართველოსთან.
  • იენის თქმით, ჩინეთსა და საქართველოს ციფრული განათლების, პროფესიული სწავლების, ზოგადი უმაღლესი განათლების, ენის სწავლებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საჭიროება აქვთ, შესაბამისად განიხილება აღნიშნულ სფეროებში თანამშრომლობაც.
ნახეთ მეტი
Back to top button