საზოგადოება

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულებები გაფორმდა

,,პირველი არხი” წერს, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულებები გაფორმდა

18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულები გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა, ეკატერინე ფესტვენიძემ, თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“, ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრისა“ „თელ ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრის“ ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი.

ღონისძიების ფარგლებში, ეკატერინე ფესტვენიძემ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობის პროგრამის პრეზენტაციაც გამართა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც პროგრამა თითოეულ ბენეფიციარს აძლევს.

„პრეზენტაციები წარმოადგინეს პარტნიორი კლინიკების ხელმძღვანელებმაც – ღონისძიების სტუმრებს, თავიანთი სამედიცინო დაწესებულებები და ამ დაწესებულებებში, ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით, არსებული შესაძლებლობები გააცნეს.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, თითოეულ ბენეფიციარს, თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს მაღალტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის, სამედიცინო მომსახურება. მათ ოჯახებს კი მნიშვნელოვნად უმსუბუქდებათ ის ფინანსური წნეხი, რომლის წინაშეც, ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლისას დგებიან. პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.

პარტნიორ კლინიკებს შორის, პაციენტების განაწილება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით მოხდება. პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს და მისი წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია.

პროგრამის განმახორციელებელია „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“. საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა.

ცენტრში, ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებშიც ექნება.

ნახეთ მეტი
Back to top button