პოლიტიკა

სერჟ თანკიანმა და მსოფლიოში ცნობილმა შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლებმა აზერბაიჯანს ღია წერილით მიმართეს

მსოფლიოში ცნობილი როკ ჯგუფის “System of a Down”-ის სოლისტმა სერჟ თანკიანმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აზერბაიჯანს მოუწოდებს გახსნას ლაჩინის დერეფანი და დაასრულოს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ჩაგვრა. წერილს ხელი მოაწერეს ასევე შოუბიზნესის ისეთმა ცნობილმა წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან პიტერ გაბრიელი, როჯერ უოტერსი, ტომ მორელო, სტიუარტ კოპლენდი, როზა ლინი, ატომ ეგოიანი, არსინ ხანჯიანი, სებუ სიმონიანი და სხვები.

წერილში საუბარია 2022 წლის 12 დეკემბრიდან დაწყებულ არცახის 7 თვიან ბლოკადაზე.

„მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლები იმ დროიდან ეყრდნობიან რუსეთის სამშვიდობო ძალების და საერთაშორისო წითელი ჯვრის ჰუმანიტარულ დახმარებას. აზერბაიჯანელი ჯარისკაცები ახლა ბლოკავენ დახმარების კოლონების გასასვლელს და ჰუმანიტარული კრიზისი ღრმავდება. მაღაზიებში ძირითადი საკვები პროდუქტები იწურება. საავადმყოფოებს წამლებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მწვავე დეფიციტი აქვთ. თებერვალში, გაეროს უმაღლესმა სასამართლო ორგანომ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ, დაავალა აზერბაიჯანს გზებზე თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა. აზერბაიჯანი აგრძელებს ამ გადაწყვეტილების იგნორირებას“, – ნათქვამია წერილში.

სერჟ თანკიანმა ასევე ინტერვიუ მისცა პერიოდულ Spin-ს და აღნიშნა, რომ ყველა, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირი, მხარს უჭერს დერეფნის განბლოკვას და არაერთხელ გაუკეთებია მოწოდება ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ დიქტატორული რეჟიმის მიმართ მოწოდებები ადამიანებს გადარჩენაში არ დაეხმარება.

„ისინი მხოლოდ სიტყვებია. არანაირი ქმედება არ არის და ეს არის პრობლემა. ეს უკვე ყველამ დაგმო, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს“, – თქვა თანკიანმა და დასძინა, რომ ცდილობდა დაკავშირებოდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, რომელსაც, მაგალითად, შეეძლო საკვების მიწოდება თვითმფრინავით.

სერჟ თანკიანი ასევე აღიარებს, რომ პრობლემას ართულებს რუსეთის სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, მჭიდრო კავშირები რუსეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის.

მუსიკოსის თქმით, უკრაინის შესახებ მასმედიაში ყოველდღე შეგიძლიათ წაიკითხოთ, მაგრამ ბევრმა არ იცის რა ხდება მთიან ყარაბაღში. ამასთან, თანკიანი შეახსენებს, რომ აზერბაიჯანის დიქტატორმა ლიდერმა ასევე დაიკავა თავად სომხეთის ტერიტორიის ზოგიერთი ნაწილი, დაახლოებით 150 კვადრატული კილომეტრი.

„ჩვენ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, თვალთმაქცები ვართ, რადგან არ შეიძლება ერთი ქვეყნის გაწირვა მეორის ხარჯზე. ეს არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა თანკიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button