ანალიტიკა

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მთიან ყარაბაღში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს ეხმიანება

Netgazeti.ge წერს, რომ საქართველოში მომუშავე უფლებადამცველი ორგანიზაციები [სოციალური სამართლიანობის ცენტრი, კავკასიური სახლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი (CPCD), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) და საზოგადოება პოზიტიური ცვლილებებისთვის] მთიან ყარაბაღში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან.

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, გვსურს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კონფლიქტებით დაზარალებულ მოსახლეობას კონფლიქტის ყველა მხარეს, რომელთა ცხოვრებასაც მძიმე დაღი დაასვა 30 წლიანმა მოუგვარებელმა კონფლიქტებმა. კონფლიქტებისა და ომების შედეგად მშვიდობიან მოქალაქეებს ყველაზე მძიმე და შეუქცევადი ზიანი ადგებათ.

შეიარაღებული დაპირისპირებები და გადაუჭრელი კონფლიქტები შეიწირავს ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ყოველდღიურ უსაფრთხოებასა და მომავალს. ჩვენთვის როგორც მშვიდობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე აქტორებისთვის უპირველესი სწორედ მშვიდობიანი მოქალაქეების საჭიროებების და ინტერესების დაცვა და მხარდაჭერაა.

ჩვენთვის არსებითია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა მოლაპარაკებების პროცესში პრიორიტეტად სწორედ ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესი და პერსპექტივა დააყენოს. მიგვაჩნია, რომ სწორედ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვა შეიძლება გახდეს ნდობის აღდგენის და ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობა.

შექმნილ კრიზისულ გეო-პოლიტიკურ სიტუაციაში, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას აქვს საერთო ინტერესი შექმნან მშვიდობიანი თანაცხოვრების ახალი გამოცდილებები, ნდობის, ურთიერთდახმარების და თანამშრომლობის ისეთი პრეცენდენტები, რომლებიც უზრუნველყოფს აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის ხალხების მშვიდობიან თანაცხოვრებას, განვითარებას და სოციალური კეთილდღეობას.

ჩვენთვის, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, უმნიშვნელოვანესია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზება და მშვიდობა რეგიონში.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია:

მხარეებმა აღარ დაუშვან ცეცხლის განახლება, თავი შეიკაონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც კიდევ უფრო დააზიანებს მოლაპარაკებების ისედაც მყიფე გარემოს და დაიცვან კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა ღირსება, უფლებები და უსაფრთხოება.

მიგვაჩნია, რომ შექმნილ სიტუაციაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაიცვას მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები. ის თუ როგორ გაამრთმევს თავს ამ გამოწვევას აზერბაიჯანი, გავლენას მოახდენს მთლიანად რეგიონში მცხოვრებ ხალხთაშორის ურთიერთობებსა და მშვიდობაზე.

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ეს კრიზისი განსაკუთრებით უკანასკნელ თვეებში გამწვავდა, როდესაც აზერბაიჯანმა გზაზე ოფიციალური გამშვები პუნქტი ჩადგა და წითელი ჯვრის მეშვეობით მხოლოდ მძიმე პაციენტებს ატარებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პროდუქციას სომეხი მოსახლეობისთვის ყარაბაღში, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ მარშრუტი აღდამი-ჰანქენდი. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის არაფრის ფასად აპირებს აზერბაიჯანის მხარე გადასვლას და სომხეთთან თავისუფალ გადაადგილებას ითხოვს.

ნახეთ მეტი
Back to top button