ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებს პროგნოზირებს

ეკონომიკური ზრდის ტემპები საქართველოში 2023 წლის მეორე ნახევარში შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს ვიდრე პირველში. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, 2023წ ივნისში საქართველოში რეალური ეკონომიკური ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,7% იყო. მშპ-ს საშუალო რეალური ზრდა 2023 წელს იანვარ-ივნისში 7.6%, ხოლო მეორე კვარტალში 7.4% იყო.

„ვფიქრობ, რომ მეორე სემესტრიც წარმატებული იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ეკონომიკური ზრდის გაცილებით მაღალი ტემპები დაფიქსირდეს, ვიდრე წლის პირველ ნახევარში, რაც ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ, როგორც ფაქტი“, – დუნდუას განცხადებას ციტირებს სააგენტო Sputnik-ის ქართული სამსახური.

შესწორებული მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,5% შეადგინა. 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10,1% იყო.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წ ივნისში ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მშენებლობის, ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორებმა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ტრანსპორტისა და ელექტროენერგიითა და გაზის მიწოდების სექტორებში.

ნახეთ მეტი
Back to top button