საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2023 წლის 14 აგვისტოს, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა მელინე არაკელიანმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს.
მინისტრის მოადგილემ ჰოლანდიელ დიპლომატს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა, რომელიც ბოლო პერიოდში მზარდი დინამიკით გამოირჩევა, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
ხაზი გაესვა ნიდერლანდების მოწინავე როლს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. მინისტრის მოადგილემ ჰოლანდიელ დიპლომატს დეტალურად გააცნო, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და შემდგომი ნაბიჯები.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში შექმნილ ვითარებაზე და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
ჰოლანდიელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნიდერლანდები საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდამჭერია.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.