სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აფიქსირებს, რომ აზერბაიჯანი არ უშვებს ჰუმანიტარულ კოლონას, რომელიც ლაჩინის დერეფანთან ახლოს დგას, მთიან ყარაბაღში შესასვლელად.
როგორც იუწყება Armenpress-ი, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სრ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. პრემიერმა შეახსენა, რომ 31 აგვისტოს 22 სატვირთო მანქანას ჰუმანიტარული ტვირთის მქონე კიდევ 10 სატვირთო მანქანა დაემატა, რომლებიც სიუნიქის ოლქის კორნიძორის მონაკვეთზე, ლაჩინის დერეფნის მიმდებარედ, მთიან ყარაბაღში შესვლის შესაძლებლობას ელოდნენ. კორნიძორში საფრანგეთის რამდენიმე რეგიონის მიერ გაგზავნილ ჰუმანიტარულ კოლონას პარიზის მერის ხელმძღვანელობით დელეგაცია ახლდა.
„მიუხედავად ამისა, მთიან ყარაბაღში შესვლის შესაძლებლობა არც ამ და არც 26 ივლისიდან იმავე ტერიტორიაზე გაჩერებულ ჰუმანიტარულ კოლონას არ მიეცა. ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ჯარების თანდასწრებით, აგრძელებს მთიანი ყარაბაღის სომხების შიმშილის გზით გენოციდის დაქვემდებარების პოლიტიკას. ამ პოლიტიკის მთავარი მიზანია მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის სომხებისგან გათავისუფლება. როგორც უკვე ვთქვი, ამ საშინელი პროგრამის განვითარების ერთ-ერთი სცენარია: აზერბაიჯანი გეგმავს ცალმხრივად გახსნას ლაჩინის დერეფანი ჰუმანიტარული კრიზისის ყველაზე მწვავე ნაწილში, ანუ დაუშვას მთიანი ყარაბაღიდან ხალხის გასვლა და არ დაუშვას მათი დაბრუნება. გენოციდის და დეპატრიაციის ეს პოლიტიკა მიმდინარეობს 21-ე საუკუნეში, საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ“, – ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრი შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ბაქო-სტეფანაკერტის დიალოგით ხედავს საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში.
„აუცილებლად მიმაჩნია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საერთაშორისო მექანიზმი მოცემულ სიტუაციაში სასიცოცხლოდ აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც დავრწმუნდით, ბაქო წყვეტს დიალოგის შესაძლებლობას ყველა შესაძლო საშუალებით“, – დაასკვნა ფაშინიანმა.