მიუხედავად ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებებისა, თურქეთში ინფლაცია არ იკლებს. წლიურმა ინფლაციამ 60%-ს მიაღწია
თურქეთში გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, აგვისტოში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 58,94 პროცენტი შეადგინა, ხოლო სამომხმარებლო ფასები, წინა თვესთან შედარებით, 9,09 პროცენტით გაიზარდა. თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის (TUIK) ინფორმაციით, წლიური ინფლაცია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 59 პროცენტით გაიზარდა, წერს Al Monitor. მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ თურქეთის ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმშეკმა განაცხადა, რომ ახლა ქვეყანა ეკონომიკურ გარდამავალ პერიოდშია. რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრეზიდენტად ხელახალი არჩევის შემდეგ, შიმშეკი დაინიშნა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე პასუხისმგებლად, როგორც ანკარას უფრო ტრადიციულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე გადასვლის ნაწილი, მაშინ როდესაც ქვეყანა განიცდის ერთ-ერთ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს. „ჩვენ ვიცით, რომ ინფლაციასთან ბრძოლას დრო სჭირდება. გარდამავალ პერიოდში ვართ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა. ჩვენ აბსოლუტურად გადავწყვიტეთ, ვიბრძოლოთ ინფლაციის წინააღმდეგ“, – წერს შიმშეკი თავის X გვერდზე. ტრანსპორტი იყო სამომხმარებლო ფასების ზრდის მთავარი მამოძრავებელი თვისება, რომელიც გაიზარდა 16,61 პროცენტით ნაწილობრივ საწვავის ფასების თანმიმდევრული ზრდის გამო. მონაცემებმა აჩვენა, რომ აგვისტოში თვიური ინფლაციის მეორე და მესამე მიზეზი საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და საკვები პროდუქტების ფასები იყო, რომლებიც შესაბამისად 9 და 8 პროცენტზე მეტით გაიზარდა. სხვათა შორის, თურქეთის ინფლაციის კვლევის ჯგუფის (ENAG – დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც შეიქმნა 2020 წელს ქვეყნის ინფლაციის მონიტორინგისთვის) არაოფიციალური მონაცემებით, აგვისტოში ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ინფლაციამ 128,05 პროცენტი შეადგინა, რაც ბევრად აღემატება ოფიციალურ მონაცემებს. ENAG-ის მონაცემებით, თურქეთში ფასები აგვისტოში თვესთან შედარებით 8,59 პროცენტით გაიზარდა, რაც TÜİK-ის მაჩვენებელზე დაბალია. თურქეთში წლიურმა ინფლაციამ კვლავ მატება დაიწყო ივლისში რვათვიანი შემცირების ტენდენციის შემდეგ. ქვეყნის წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში მიაღწია 24 წლის მაქსიმუმს, 85,5 პროცენტს, თურქული ლირას სწრაფი ვარდნის ფონზე, ძირითადად ერდოღანის არაორდინალური ეკონომიკური პოლიტიკის გამო. ემა ჩობანიანი