მთავარიპოლიტიკა

სომხურ-ამერიკულ წვრთნებში 85 ამერიკელი და 175 სომეხი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. აშშ-ს შეიარაღებული ძალები

6 სექტემბერს სომხეთმა გამოაცხადა, რომ მომავალ კვირას შეერთებულ შტატებთან ერთად ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს, რაც რუსეთის თქმით, შემაშფოთებელია, იუწყება Reuters-ი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ Eagle Partner სწავლების, რომელიც გაიმართება 11-20 სექტემბერს, მიზანი არის ძალების მომზადება საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის.

აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლის თქმით, სწავლებაში 85 ამერიკელი და 175 სომეხი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, ამერიკელები, მათ შორის კანზასის ეროვნული გვარდიის წევრები, რომლებიც სომხეთთან წვრთნებში უკვე 20 წელია თანამშრომლობენ, შეიარაღებულები იქნებიან თოფებით და არ გამოიყენებენ მძიმე იარაღს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მომზადების ფარგლებში, 11-20 სექტემბერს სომხეთში, თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო ბრიგადის სასწავლო ცენტრში “ზარ”-სა და თავდაცვის სამინისტროს N სასწავლო ცენტრში გაიმართება სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები „არწივი პარტნიორი-2023″.

სწავლება მოიცავს სტაბილიზაციის ოპერაციებს კონფლიქტის მხარეებს შორის სამშვიდობო მისიების დროს. სწავლების მიზანია სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების თავსებადობის დონის ამაღლება, მართვისა და ტაქტიკური კომუნიკაციის საუკეთესო გამოცდილების გაცვლა, ასევე სომხური ქვედანაყოფის მზადყოფნის გაზრდა ნატო/პარტნიორობა მშვიდობისათვის „ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის“ გეგმიური შეფასებისთვის.

სამშვიდობო მისიებისთვის მომზადების ფარგლებში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებისთვის მოსამზადებელი ქვედანაყოფები რეგულარულად მონაწილეობენ პარტნიორ ქვეყნებში მსგავს ერთობლივ სამხედრო წვრთნებში და ვარჯიშებში.

ნახეთ მეტი
Back to top button