რუსეთი გააანალიზებს სომხეთის გადაწყვეტილებას აშშ-თან სამხედრო წვრთნების გამართვის შესახებ. პესკოვი

რუსეთი გააანალიზებს, რატომ გადაწყვიტა სომხეთმა სამხედრო წვრთნების გამართვა აშშ-სთან და არა კუხო-სთან.
Armenpress-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ასეთი ანალიზი ერევანთან დიალოგის შედეგად განხორციელდება.
„იმის გათვალისწინებით, თუ როგორ არ გამოთქვა სომხეთმა კუხო-სთან სამხედრო წვრთნების ჩატარების სურვილი და ახლა გამოაცხადა ამერიკელებთან სამხედრო წვრთნების ჩატარების სურვილი, ალბათ ჩვენთვის ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც საჭიროებს ძალიან, ძალიან ღრმა ანალიზს იმის გასაგებად, თუ კონკრეტულად რატომ იღებს სომხეთი ასეთ გადაწყვეტილებებს, რა მიზნებია დასახული?“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი “შეეცდება გაიაზროს და გაიგოს ეს”.
“მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ამას გავაკეთებთ სომხურ მხარესთან მჭიდრო, პარტნიორული დიალოგის დროს”, – განაცხადა პესკოვმა.
მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 11-დან 20 სექტემბრის ჩათვლით სომხეთის ტერიტორიაზე სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნები “არწივი პარტნიორი-2023” გაიმართება, რომლის მიზანია საკომუნიკაციო საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, ასევე სომხური ქვედანაყოფის მზადყოფნის გაზრდა.