პოლიტიკა

აზერბაიჯანმა დაიწყო სახმელეთო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდისთვის. ფაშინიანი

ფაქტობრივად, აზერბაიჯანმა დაიწყო თავისი კონკრეტული ქმედებები მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდისთვის. ამის შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

პრემიერმა შეახსენა, რომ 19 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მთიანი ყარაბაღის მთელი ტერიტორიის დაბომბვა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ასევე დაიწყეს ოპერაცია მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზის გარღვევისა და პოზიციების დასაკავებლად მთიან ყარაბაღში და ზოგიერთი ინფორმაციით: ასევე დასახლებების კონტროლის ქვეშ მოქცევის მიმართულებით.

„რა თქმა უნდა, მთიან ყარაბაღთან კონტაქტი გვაქვს, თუმცა არის გარკვეული კომუნიკაციის პრობლემები. მაგრამ ზოგადი ინფორმაცია ისაა, რომ თავიდან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას თავს დაესხნენ სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის რეაქტიული არტილერიით, შემდეგ კი მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ დაიწყო სახმელეთო ოპერაცია რამდენიმე მიმართულებით. ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი ახორციელებს ოპერაციების საინფორმაციო თანხლებასაც. ჩვენთვის უცნაური და დამაბნეველი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანმა რუსეთს ოფიციალურად აცნობა ამ ოპერაციების დაწყების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს აზერბაიჯანის ინფორმაციაა. თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი რუსი პარტნიორებისგან ამ ოპერაციის შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, არ შეიძლება ითქვას, რომ ეს ვითარება იყო არაპროგნოზირებადი, სომხურმა მხარემ დაინახა სიტუაციის დაძაბულობა.

ვითარების განსახილველად სასწრაფოდ დაინიშნა უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა.

„ამგვარად, აზერბაიჯანმა, ფაქტობრივად, დაიწყო სახმელეთო ოპერაცია, რათა მთიანი ყარაბაღის სომხები დააქვემდებაროს ეთნიკურ წმენდას. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მიგვაჩნია, რომ ჯერ რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალებმა უნდა მიიღონ ზომები, მეორეც, ველით, რომ გაეროს უშიშროების საბჭოც მიიღებს ზომებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ფაშინიანმა შენიშნა, რომ სამწუხაროდ, უკვე იყო კომენტარები, რომლებიც ცდილობენ მიმდინარე პროცესი სომხეთის ამა თუ იმ გადაწყვეტილებას დაუკავშირონ.

„თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რაც არაერთხელ მითქვამს: მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის განხორციელების მანდატი სრ-ს არავისთვის მიუცია. და ჩვენი მუდმივი პრობლემა იყო და რჩება მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ყოველთვის იყო ჩვენს დღის წესრიგში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერმა უცნაურად მიიჩნია აზერბაიჯანის განცხადება, რომ ისინი ჰუმანიტარულ დერეფანს დაუტოვებენ მშვიდობიან მოსახლეობას მთიანი ყარაბაღის დასატოვებლად. პრემიერის თქმით, ეს არის პირდაპირი ეთნიკური წმენდის აქტი.

„თუ ისინი აცხადებენ, რომ ე.წ „ანტიტერორისტული ოპერაცია“ მიმდინარეობს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მოქალაქეებზე დარტყმები არ ხორციელდება, მაშინ ჩნდება კითხვა: რატომ უცხადებენ ხალხს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის შესახებ მთიანი ყარაბაღიდან გასასვლელად? თუ მათ ნათქვამს რაიმე კავშირი ჰქონდა რეალობასთან, პირიქით, მოქალაქეებისთვის უნდა მიეწოდებინათ, რომ თავი შეეფარებინათ, დარჩენილიყვნენ თავშესაფრებში და არ გასულიყვნენ ისეთ ადგილებში, სადაც შეიძლება უნებლიედ დაზარალდნენ. ეს ლოგიკა, რომელსაც ავითარებს აზერბაიჯანი, ნათლად აჩვენებს ეთნიკური წმენდის კონკრეტული ოპერაციის დაწყებას“, – აღნიშნა პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button