საერთაშორისო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს, გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე მსოფლიო ლიდერებს მიმართავს – ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე მსოფლიო ლიდერებს მიმართავს. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

ნიუ-იორკში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო მთავარი თემა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ლუქსემბურგის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრის, მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ ის შეინარჩუნებს პოლიტიკურ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ყველა ეტაპზე.

ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და მალტას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა რობერტ აბელასმა.

საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მალტას რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას. საუდის არაბეთის სამეფოში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებების შესრულების დინამიკა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები იყო მთავარი თემა პრემიერისა და საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრის, აჰმედ ალ ხატიბის შეხვედრაზე.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობასა და კომუნიკაციას ევროპულ სტრუქტურებთან.

ნახეთ მეტი
Back to top button