მ. ალექსანდროვი: რუსეთს არაფრის გაკეთება არ სურს

სომხეთი ვერაფერს გააკეთებს მთიანი ყარაბაღის ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთს არაფრის გაკეთება არ სურს. ამის შესახებ NEWS.am-ის ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა რუსმა პოლიტოლოგმა მიხეილ ალექსანდროვმა.
ექსპერტმა რუსეთის ნაბიჯებს დროებითი გამოსავალი უწოდა, რათა მთიან ყარაბაღში ხოცვა არ მოხდეს.
„თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, სომხები ვერ შეძლებენ იქ დარჩენას, ისინი იძულებულები იქნებიან წავიდნენ ან მოუწევთ ზეწოლა, დამცირება და, ბოლოს და ბოლოს, მაინც წავლენ“, – განაცხადა ალექსანდროვმა.
სომხეთს რომც მოუნდეს, ახლა ვერაფერს გააკეთებს, რადგან საპროტესტო გამოსვლებმაც რომ გამოიწვიოს ქვეყნის ხელმძღვანელობის შეცვლა, მას არ ჰყავს სამხედრო ძალები საკითხის გადასაჭრელად, დასძინა პოლიტოლოგმა.
მისი თქმით, სომხური არმიის ძალაუფლების გაძლიერებასა და მთიანი ყარაბაღის აღებას დიდი დრო სჭირდება.
„იმისთვის, რომ სომხები დარჩნენ მთიან ყარაბაღში, საერთაშორისო საზოგადოებამ დღეს უნდა გადადგას ნაბიჯები.
ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და სერიოზული შედეგებით მუქარა. აზერბაიჯანზე ზეწოლის მიზნით აშშ-ს კონგრესში კარგი რეზოლუცია შესთავაზეს. მაგრამ ასეთი კონგრესმენები იქ ცოტანი არიან და ძირითადი სტრუქტურა აზერბაიჯანს განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან ქვეყნად, რომლის გამოყენებაც სურთ რუსეთის წინააღმდეგ მომავალში. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ რაიმე სერიოზულად გააკეთონ. და ევროკავშირმა ვერც კი დაგმო ის, რაც მოხდა, რადგან უნგრელები ჩაერივნენ“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
ექსპერტმა გამოთქვა რწმენა, რომ სანქციებსაც კი შეეძლო სიტუაციის შეცვლა, გაეროს წესდების მე-7 თავის გამოყენებაც (იძულებითი ზომები და სამშვიდობო ძალების განლაგება) კი თავის როლს შეასრულებდა.
„თუმცა, აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებიც კი არავის დაუყენებია“, – შეახსენა პოლიტოლოგმა.
ალექსანდროვი მიიჩნევს, რომ სომხების წასვლის შემთხვევაში რუსი სამშვიდობოებიც წავლენ, ახლა თუ არა, 2025 წელს მაინც.
“ეს მხოლოდ დროის საკითხია”, – დაასკვნა მან.