საზოგადოება

ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ აზერბაიჯანის ხელისუფლების ქვეშ  –  მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილები ყვებიან გამოვლილ  საშინელებებზე (ფოტო)

გორისის  მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკოორდინაციო ცენტრი უკვე რამდენიმე დღეა მძიმე დატვირთვით მუშაობს. სომხეთის მთავრობა, ადგილობრივი ორგანოები, წითელი ჯვრის წარმომადგენლები და მრავალი მოხალისე დატვირთვით მუშაობენ აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული სომხების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

როგორც გორისიდან იტყობინება „Armenpress“-ის კორესპოდენტი,  მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილები საკოორდინაციო ცენტრში არიან დარეგისტრირებულნი, მათ სთავაზობენ განსახლების ვარიანტებს. ადამიანებს აძლევენ პირველადი მოხმარების ნივთებს, საკვებს, მედიკამენტებს, თბილ საბნებს, ინვალიდის ეტლებს. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს უტარდებათ საჭირო სამედიცინო დახმარება.

ამ დღეებში საკოორდინაციო ცენტრშიიმყოფებიან ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან. უცხოური მასმედიის წარმომადგენლები, რომლებიც თვეების განმავლობაში დუმდნენ მთიანი ყარაბაღის უკანონო ბლოკადის შესახებ, უკვე დღეს ცდილობენ გორისიდან წარმოადგინონ სიტუაცია, დააფიქსირონ რა ხდება და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ განვითარებულ ჰუმანიტარულ  კატასტროფაზე.

გორიის  მაცხოვრებლები დახმარებას უწევენ იძულებით დევნილ არცახელ სომხებსაც. ბევრი სახლის წინ არის მაგიდები გაშლილი. არცახელ სომხებს ცხელ საჭმელს სთავაზობენ, უპირატესობა  ბავშვებს, ორსულებს და შშმ პირებს ენიჭებათ.

მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილებს ხშირად არ სურთ გადაღება, ურჩევნიათ კომუნიკაცია და საუბარი კამერების გარეშე. მათ განსაკუთრებული უკმაყოფილებით ახსოვთ, თუ როგორ იღებდნენ აზერბაიჯანელები ვიდეოს და იღებდნენ ყველას უკანონო ჰაკარის საგუშაგოზე.

სტეფანაკერტში მცხოვრები, სამი არასრულწლოვანი შვილის დედის, ელენა მირზოიანის ქმარი  მარტუნში 44-დღიან ომში მოხალისედ იბრძოდა და დაიღუპა. როდესაც ამ სექტემბერში სტეფანაკერტში პირველი დაბომბვის ხმა  გაისმა, ელენა მუშაობდა დერმატოვენეროლოგიურ დისპანსერში. ის ყვება, როგორ შევარდა სახლში შეშინებული სკოლის ბავშვების მოსაძებნად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მობილური ტელეფონი მიუწვდენელი იყო.

„საბედნიეროდ, ჩემი შვილები სკოლიდან სახლში დაბრუნდნენ და თავშესაფარში ჩავედით, სადაც ქაოტური ვითარება იყო. ყველა შეშინებული ტიროდა, შესაძლო აფეთქებების შიშით. ბავშვების დამშვიდებას ვცდილობდით“, – ამბობს ელენა და აღნიშნა, რომ საცხოვრებელი პირობები მართლაც საშინელი გახდა, ამიტომ, როცა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სომხეთში წასვლის შესაძლებლობა გაჩნდა, მეზობლებთან ერთად გადაწყვიტეს გადასვლა. იძულებით გადაადგილებულნი არიან სტეფანაკერტის მეზობელი სოფლების მცხოვრებლებიც. ცივ ამინდში მათ უბრალოდ საცხოვრებელი ადგილი არ ჰქონდათ“, – იხსენებს ის.

ისევე როგორც ყველა, ვინც ამ დღეებში მთიანი ყარაბაღიდან გადმოვიდა, ელენასაც  გორისის საკოორდინაციო ცენტრში განსახლების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს. ჯერ არ გადაუწყვეტია სად გადავა.

იძულებით გადაადგილებულთა შორისაა კ.კ.  ის 11 წელი მსახურობდა მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ჯარში. როდესაც აზერბაიჯანული აგრესია დაიწყო, ის თავის თანამებრძოლებთან ერთად საბრძოლო მოვალეობას ასრულებდა და იცავდა სოფლებს შოშსა და მაჭკალაშენს. მისი ცოლი და ახალშობილი შვილი მარტუნში იმყოფებოდნენ, სადაც არც გაზი იყო, არც დენი, არც გათბობა.

„ახალშობილი ბავშვის დასაბანად წყლის გაცხელების საშუალება არ გვქონდა. ქალაქიდან ექიმთა ევაკუაციაც მიმდინარეობდა, აფთიაქებში სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებიც კი არ იყო. საკვების მიღება თითქმის შეუძლებელი გახდა. საცხოვრებლის ელემენტარული პირობები სრულიად არ არსებობდა“, – ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე.

ისტორიკოსი, სოციოლოგი იშხან დანიელიანი მარტაკერტის რაიონის სოფელ დიდი შენიდანაა. ის და მისი თანასოფლელები ფაქტიურად ამოიყვანეს ნანგრევებიდან.  ევაკუაცია სოფლის გამგეობამ რუსი სამშვიდობოების დახმარებით ეფექტურად განახორციელა. სომხეთში უკვე ჩავიდა დანიელიანის ნათესავებისა და მეგობრებისგან შემდგარი ორმოცკაციანი ჯგუფი, რომლებიც სატვირთო მანქანით წაიღეს აუცილებელი ნივთები და დოკუმენტები. აზერბაიჯანის აგრესიამდე დიდ შენში 250-ზე მეტი მოსახლე ცხოვრობდა. ცეცხლის შეწყვეტის დამყარების შემდეგ ყველამ გადაწყვიტა სომხეთში გადასვლა.

„მე ვარ რუსეთის სოციოლოგთა კავშირისა და საერთაშორისო ასოციაციის წევრი, ჩემს კოლეგებს ზედმიწევნით გავაცანი მთიანი ყარაბაღის მდგომარეობა. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რა სისასტიკე ხდება ჩვენს თავს. ჩვენ არ ვფიქრობთ დაბრუნებაზე, რადგან აზერბაიჯანს სურს ერთხელ და სამუდამოდ დაიმორჩილოს არცახი და ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ აზერბაიჯანის ბატონობის პირობებში. ვიმედოვნებ, რომ არცახი სომხების პოტენციალი აქ გამოყენებული იქნება სომხეთის განვითარებისთვის, რადგან არცახელ სომხებს შეუძლიათ სომხურ საზოგადოებაში ეფექტური ინტეგრაცია“, – განაცხადა დანიელიანმა.

გაგიკ კარაპეტიანი ასევე მარტაკერტის რაიონის სოფელ ჰათერქიდანაა. ის ორი დღე იყო დაბომბვის ქვეშ, გამოიარა ენით აუწერელი გაჭირვება და ტანჯვა. კარაპეტიანმა თქვა, რომ აზერბაიჯანის აგრესიამდე მხოლოდ ჰათერკში 1700-ზე მეტი ადამიანი იყო, მაგრამ დღეს ისინი ყველა ევაკუირებულია.

ავტორი მანველ მარგარიანი

ნახეთ მეტი
Back to top button