მთავარიპოლიტიკა

ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ლიდერების დაკავებას – სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც მკაცრად დაგმო აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ლიდერების: არკადი ღუკასიანის, ბაკო საჰაკიანის, არაიკ ჰარუთუნიანის, დავით იშხანიანის, რუბენ ვარდანიანის და სხვათა დაკავება.

„მიუხედავად მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებთან დიალოგისა, სომხების უფლებების პატივისცემისა და დაცვისა, მათი მთიან ყარაბაღში დაუბრკოლებლად დაბრუნების შეპირების,  რეგიონში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის მაღალჩინოსნების განცხადებებისა, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოები აგრძელებენ თვითნებურ დაპატიმრებებს.

სომხეთის რესპუბლიკამ არაერთხელ, მათ შორის 23 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის პლატფორმიდან წამოჭრა ასეთი ქმედებების გამორიცხვის გარანტიის აუცილებლობა. 28 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკამ უკვე მიმართა გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ საქმეზე „სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მიხედვით.  სადაც ითხოვს აზერბაიჯანის მხრიდან მთიანი ყარაბაღის ამჟამინდელი ან ყოფილი ხელმძღვანელობისგან ან სამხედროების წინააღმდეგ სადამსჯელო ქმედებებისგან თავის შეკავებას.

სომხეთის რესპუბლიკა ყველა შესაძლო ნაბიჯს გადადგამს მთიანი ყარაბაღის უკანონოდ დაკავებული წარმომადგენლების უფლებების დასაცავად, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებში.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, თვალყური ადევნონ აზერბაიჯანისადმი მიმართულ ყველა გზავნილს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხში  და მიმართონ ამ საკითხს როგორც აზერბაიჯანთან ორმხრივი ურთიერთობების სფეროში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო დონეზეც “, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button