
საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანთან ყველა საკითხი და წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები უნდა გადაწყდეს პოლიტიკურად, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. ამის შესახებ მირზოიანმა პარლამენტში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ მეორე მხარე არ იზიარებს ამ მიდგომას და რეგულარულად იყენებს ან მუქარას ან ძალას. უფრო მეტიც, რამდენიმე დღის წინ ჩვენ შევესწარით სამხედრო ოპერაციებს მთიანი ყარაბაღის მთელი სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ, რის შედეგადაც მოხდა იძულებითი დეპორტაცია. ახლა კი მთიან ყარაბაღში სომეხი თითქმის აღარ დარჩა. ეს არის ეთნიკური წმენდის პოლიტიკის ნათელი გამოვლინება. ეს არის რეალობა, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა. არსებობს პროცედურები სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციაში, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკა განსაზღვრული წესით მოჰყვება.
თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ სომხეთის რესპუბლიკა კვლავ ერთგულია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების საკითხის“, – განაცხადა მირზოიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა იყოს.