
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიშელის, საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონისა და გერმანიის კანცლერის შოლცის გრანადაში შემდგარი შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
Armenpress-ის ცნობით, განცხადებაში ნათქვამია:
„ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გრანადაში შეხვდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვეს სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის ურყევ მხარდაჭერას.
მათ ასევე გამოხატეს მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის საჭიროებიდან გამომდინარე ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების ყველა სიბრტყეებში განმტკიცებისთვის. ისინი შეთანხმდნენ, რომ სომხეთს დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ, რადგან ის ყარაბაღის სომხების ბოლოდროინდელი მასობრივი დეპორტაციის შედეგების წინაშე დგას.
მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ ლტოლვილებმა თავისუფლად უნდა ისარგებლონ თავიანთ სახლებსა და საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლებით, უპირობოდ, საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ და მათი ისტორიის, კულტურისა და ადამიანის უფლებების სათანადო პატივისცემით.
ისინი აგრძელებენ ყველა მცდელობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, რომელიც ეფუძნება ერთმანეთის სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის (სომხეთის 29,800 კვადრატული კმ და აზერბაიჯანის 86,600 კვადრატული კმ) ურთიერთ აღიარებას, როგორც ეს ნათქვამია პრეზიდენტ მიშელის 2023 წლის 14 მაისის და 15 ივლისის განცხადებებში. მათ მოუწოდეს ძალის და ძალის მუქარის გამოუყენებლობის პრინციპის მკაცრი დაცვისკენ.
მათ ხაზი გაუსვეს საზღვრების დემარკაციის მიმართულებით მუშაობის გადაუდებელ აუცილებლობას, მხარეებისთვის მიწოდებული სსრკ გენერალური შტაბის უკანასკნელი რუქების საფუძველზე, რაც ასევე უნდა იყოს საფუძველი ძალების გაყვანისთვის, სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო სახის მიღებისა და ყველა ჰუმანიტარული პრობლემის გადასაჭრელად. მათ მოუწოდეს უფრო დიდი რეგიონალური თანამშრომლობისა და ყველა საზღვრის გახსნა, მათ შორის სომხეთსა და თურქეთს შორის.
მათ ასევე მოუწოდეს ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის სრული პატივისცემისკენ, ასევე რეგიონალური კავშირების გახსნისკენ, რომელიც დაფუძნებულია თანასწორობისა და ორმხრივობის პრინციპებზე. ევროპელმა ლიდერებმა მოუწოდეს სომხეთსა და აზერბაიჯანს გაათავისუფლონ ყველა დაკავებული და ითანამშრომლონ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედის გარკვევისა და განაღმვის სამუშაოების გაადვილების მიმართულებით”.




შეხვედრა ხუთკაციან ფორმატში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, 4 ოქტომბერს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უარი თქვა 5 ოქტომბერს გრანადაში დაგეგმილ ხუთმხრივ შეხვედრაზე. მიზეზად ის ფაქტი დასახელდა, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ უარყვეს აზერბაიჯანის წინადადება შეხვედრაში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობასთან დაკავშირებით. ასევე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი უარს იტყვის შეხვედრის წინადადებებზე იმ ფორმატებში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთი. ამასთან, აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი მზადაა ევროკავშირის შუამავლობით განაახლოს სომხეთის პრემიერ–მინისტრთან სამმხრივი შეხვედრების ფორმატი.