არცერთ უმცირესობას არ აქვს პოლიტიკური უფლებები და ავტონომია აზერბაიჯანში. დე ვაალი

,,პირველი საინფორმაციოს” გადმოცემით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა, მიგრაციისა და მონიტორინგის კომიტეტების ერთობლივ მოსმენებზე სიტყვით გამოვიდა “კარნეგი ევროპის” ანალიტიკური ცენტრის უფროსი მკვლევარი თომას დე ვაალი და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღზე განხორციელებული სამხედრო თავდასხმის შედეგად იქ არის მსხვერპლი, არიან დაშავებული ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები.
„ეს არის ადამიანური ტრაგედია. თითქმის მთელი მოსახლეობა სომხეთში გაიქცა. ძალადობის ამ ტალღამ კიდევ ერთხელ დაბლოკა მშვიდობის პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში. 2021 წლიდან დასავლეთის შუამავლობით სერიოზული დიპლომატიური პროცესი მიმდინარეობს, ამის პარალელურად მოსკოვის შუამავლობით სომხეთი და აზერბაიჯანიც აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. ასევე დაიწყო მოლაპარაკებები ყარაბაღის სომხებსა და ბაქოს წარმომადგენლებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა გადაკეტა ლაჩინის დერეფანი, რომელიც აკავშირებდა სომხეთს და ყარაბაღს, რამაც მძიმე ჰუმანიტარულ ვითარება შექმნა. ჩვენ მრავალი წელია მოვუწოდებთ მსგავს მოლაპარაკებებს, მაგრამ აზერბაიჯანი ამისთვის მზად იყო მხოლოდ საკუთარი პირობებით.
ილჰამ ალიევს არჩევანი ჰქონდა, მაგრამ ძალის გამოყენება არჩია. თითქმის მთელმა მოსახლეობამ თავი დაუცველად, დევნის მუქარა იგრძნო და დატოვა ყარაბაღი. ჩვენ ვიცით, რომ ეს სამხედრო ოპერაციები კოორდინირებული იყო როგორც თურქეთთან, ასევე რუსეთთან. რუსეთში მედიას დაევალა ესკალაციაში არა აზერბაიჯანი დაებრალებინათ, არამედ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი“, – განაცხადა დე ვაალმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი ახლა გვთავაზობს ე.წ „რეინტეგრაციის“ დღის წესრიგს, რომლის მიხედვითაც სომხებს შეუძლიათ დაბრუნდნენ ყარაბაღში და გახდნენ აზერბაიჯანის მოქალაქეები. „უნდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანში ორმაგი მოქალაქეობა არ არსებობს, ამიტომ ადამიანებს მოუწევთ უარი თქვან სომხეთის მოქალაქეობაზე. ვფიქრობ, საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორიცაა ევროპის საბჭო, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ და მიჰყვნენ მსგავს ინიციატივებს. ჩნდება კითხვა: რატომ არის შემოთავაზებული ასეთი ინიციატივა, როცა მოსახლეობის 99 პროცენტმა დატოვა მთიანი ყარაბაღი“, – ამბობს მეცნიერი.
დე ვაალმა შეახსენა, რომ არცერთ უმცირესობას არ აქვს პოლიტიკური უფლებები ან ავტონომია აზერბაიჯანში. ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის უმცირესობებზე ზეწოლა ხდება სახელმწიფოსადმი ლოიალურობისთვის. უმცირესობებს ასევე არ ეძლევათ საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება.
“კარნეგი ევროპის” უფროსი მკვლევარის თქმით, არსებობს მრავალი დამოუკიდებელი ცნობა იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის განათლების სისტემა ასწავლის ბავშვებს სომხების სიძულვილს, წარმოაჩენს მათ როგორც ტერორისტებს და ოკუპანტებს, რომლებმაც ჩაიდინეს გენოციდი აზერბაიჯანის წინააღმდეგ 1990-იან წლებში.
„აზერბაიჯანში ასეთი რიტორიკის, ასევე მედია და პოლიტიკური გზავნილების გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, რომ სომხებმა თავი დაცულად იგრძნონ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. საერთაშორისო კონტროლია საჭირო. წლების განმავლობაში იყო მრავალი მოწოდება საერთაშორისო ფაქტების დამდგენი და სადამკვირვებლო მისიების ვიზიტის თაობაზე მთიან ყარაბაღში, მაგრამ აზერბაიჯანმა უარყო ეს წინადადებები. ასევე, კულტურულმა დაწესებულებებმა მოითხოვეს ჯუღას შუა საუკუნეების სომხური სასაფლაოს მონახულება, რომელიც დანგრეული იყო. თუმცა მათაც უარი თქვეს. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სომხური კულტურული მემკვიდრეობის მომავალი ყარაბაღში. ეგრეთ წოდებული „ზანგეზურის დერეფანი“, აზერბაიჯანის პრეტენზია, რომ სომხეთი აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიაა, ყველა ამ საკითხს სჭირდება ყოვლისმომცველი მიდგომა“, – დაასკვნა დე ვაალმა.