საზოგადოება

აზერბაიჯანმა Pegasus-ი გამოიყენა სომხების, მათ შორის, ოფიციალური პირების დასაზვერად. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ახალი რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს აზერბაიჯანს, სხვა ქვეყნებთან ერთად, სამი თვის განმავლობაში აცნობოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და ვენეციის კომისიას პეგასუსის და მსგავსი ჯაშუშური პროგრამების გამოყენების შესახებ.

Armenpress-ის ცნობით, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ არსებობს ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ აზერბაიჯანმა პეგასუსიც გამოიყენა, მათ შორის სომხეთთან კონფლიქტის დროს.

„აზერბაიჯანმა ასევე გამოიყენა Pegasus-ი, მათ შორის ჟურნალისტების, დამოუკიდებელი მედიის მფლობელებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების წინააღმდეგ. ბოლო მოხსენებები ასევე ცხადყოფს მის გამოყენებას სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით სომხეთში მომუშავე 12 პირის მიმართ, მათ შორის სომხეთის მთავრობის ოფიციალური პირის მიმართ, რაც, როგორც ჩანს, ტრანსნაციონალური მიზანმიმართული თვალთვალის მაგალითია”, -ნათქვამია მოხსენებაში.

ასამბლეა მიიჩნევს, რომ ჯაშუშური პროგრამების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული წევრი სახელმწიფოების ეროვნულმა საგამოძიებო ორგანოებმა და სასამართლოებმა სრულად უნდა გამოიძიონ და დაადგინონ, არის თუ არა Pegasus-ის და მსგავსი ჯაშუშური პროგრამების გამოყენება ლეგალური შიდა კანონმდებლობით და შეესაბამება თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს.

ასამბლეამ რეზოლუციით მიმართა სხვადასხვა ქვეყნებს. ასამბლეის რეზოლუცია ავალდებულებს აზერბაიჯანს, სამი თვის განმავლობაში აცნობოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და ვენეციის კომისიას Pegasus-ის და მსგავსი ჯაშუშური პროგრამების გამოყენების შესახებ, ჩაატაროს ეფექტური, დამოუკიდებელი და სწრაფი გამოძიება ჯაშუშური პროგრამის ბოროტად გამოყენების ყველა დადასტურებულ და საეჭვო შემთხვევებზე და მიზანმიმართული მსხვერპლისთვის უზრუნველყოს ადეკვატური კომპენსაცია.

ასამბლეა ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანს, თავი შეიკავოს მიზანმიმართული პირებისთვის ჯაშუშური პროგრამების გამოყენების შესახებ ინფორმაციის წვდომაზე უარის თქმას და ბოროტად გამოყენების შემთხვევაში გამოიყენოს შესაბამისი სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული ზომები.

ასამბლეამ სთხოვა ვენეციის კომისიას შეეფასებინა ყველა წევრი სახელმწიფოს, უპირველეს ყოვლისა, პოლონეთის, უნგრეთის, საბერძნეთის, ესპანეთისა და აზერბაიჯანის, შემდეგ გერმანიის, ბელგიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების და სხვა წევრ სახელმწიფოების საკანონმდებლო ბაზა და პრაქტიკა მიზანმიმართული მეთვალყურეობის შესახებ, იმის შესაფასებლად, შეიცავს თუ არა ადექვატურ და ეფექტურ გარანტიებს ჯაშუშური პროგრამების შესაძლო ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, ასევე ევროპის საბჭოს სტანდარტების გათვალისწინებით.

რეზოლუციის მიღებას მხარი 91 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 16, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.

ნახეთ მეტი
Back to top button