
სრ პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ოქტომბრის დასაწყისში, გრანადაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე, იყო სერიოზული შესაძლებლობა სამშვიდობო პროცესში გარღვევის დაფიქსირების მიმართულებით.
„Armenpress“-ის ცნობით, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უარი თქვა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მისვლაზე და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, გერმანიის კანცლერთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად მიეღოთ ერთობლივი განცხადება. განცხადებას უნდა გამოეხატა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა და ურთიერთობების დამყარების პრინციპები. „აღნიშნული პრინციპები და შინაარსი სულაც არ არის ახალი და ჩამოყალიბდა 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში გამართული ოთხმხრივი შეხვედრის შედეგად, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და მასში სომხეთის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა. ეს პრინციპები 2023 წელს დაკონკრეტდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის და ჩემი შეხვედრების დროს ბრიუსელში და არის საჯარო განცხადებები ამ პრინციპების შესახებ. პირველი პრინციპი გამოხატულია გრანადის ოთხმხრივ დეკლარაციაში შემდეგნაირად: „საფრანგეთის პრეზიდენტი, ევროკავშირის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და მე ერთგულნი ვართ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ერთმანეთის სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და სომხეთის 29 800 კვადრატული კილომეტრის და აზერბაიჯანის 86600 კვადრატული კილომეტრის ურთიერთაღიარებაზე დაფუძნებული ყველა ძალისხმევის მიმართ. როგორც ეს ნათქვამია პრეზიდენტ მიშელის 2023 წლის 14 მაისსა და 15 ივლისის განცხადებებში. მათ მოუწოდეს მკაცრად იქნას დაცული ძალის გამოუყენებლობისა და ძალის მუქარის პრინციპი“.
მისი თქმით, 15 ივლისს ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შემდეგ, ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა. ციტატა მისი განცხადებიდან: „სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი პატივისცემა სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის ტერიტორია 29 ათას 800 კვადრატული კილომეტრია, აზერბაიჯანის ტერიტორია – 86 ათას 600 კვადრატული კილომეტრია”.
„ამ შეთანხმებების შემდეგ მე საჯაროდ რამდენჯერმე დავადასტურე, რომ სომხეთის რესპუბლიკა ცნობს აზერბაიჯანის 86600 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. ცოტა ხნის წინ მან გამოაცხადა, რომ აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არ უხსენებია 29800, რაზეც ზოგიერთ ანალიტიკოსი შიშობს, რომ ის განსაკუთრებულ გაურკვევლობას ტოვებს სომხეთის წინააღმდეგ ტერიტორიული პრეტენზიების დასაყენებლად. ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ შეთანხმება მიღწეულია ზუსტად ისე, რომ არც სომხეთმა და არც აზერბაიჯანმა არ დაუშვან გაურკვევლობა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისას, მაგალითად, არ თქვას, რომ მოცემული ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი რეალურად მას არ ეკუთვნის“, – დასძინა ფაშინიანმა.