
სომხეთის ურთიერთობა ევროკავშირთან ყოველთვის მიზნად ისახავდა ქვეყანაში რეფორმების, ადამიანის უფლებების და ტრანსფორმაციის უზრუნველყოფას.
Armenpress-ის გადმოცემით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სრ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ჰოვჰანნისიანმა, რომელიც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას ევროპარლამენტში, რომ სომხეთის რესპუბლიკა მზადაა იყოს ევროკავშირთან უფრო ახლოს, რამდენადაც ევროკავშირი ამას შესაძლებლად მიიჩნევს.
„მოგეხსენებათ, ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან ყოველთვის იყო მიმართული რეფორმების, ადამიანის უფლებების და ტრანსფორმაციის უზრუნველყოფისკენ. სწორედ ამაზე იყო მიმართული სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება, რომელიც რეალურად იყო ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მსუბუქი ვერსია. ევროკავშირი რჩება სომხეთის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად.
ამ გზავნილმა მხოლოდ დაადასტურა ჩვენი პოლიტიკა ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობების მაქსიმალურად გაღრმავებისა და გაფართოების შესახებ“, – განაცხადა ჰოვჰანნისიანმა.