პოლიტიკა
აზერბაიჯანის მუქარის საპასუხოდ ევროკავშირმა შესაძლოა გააფართოოს მისია სომხეთში

ევროკავშირმა შესაძლოა გააფართოოს სადამკვირვებლო მისია სომხეთში, აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მუქარის საპასუხოდ. ამის შესახებ ბრიუსელში ჟურნალისტებს ევროკავშირის მაღალჩინოსანმა განუცხადა, იუწყება TASS-ი.
„ჩვენ ნათლად ვუთხარით პრეზიდენტ ალიევს, რომ შეშფოთებული ვართ სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის ნებისმიერი მცდელობით. ეს შეტევა სომხეთზე იყო ძალიან სერიოზული. ჩვენი მისია გაძლიერდება. სწორედ ამას ვეუბნებით ბაქოს“, – განაცხადა მან უპასუხა რა ჟურნალისტების კითხვას, ეშინია თუ არა ევროკავშირს, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციებზე სუსტი პასუხის შემთხვევაში, ბაქომ შესაძლოა მალე შეუტიოს სომხეთის ტერიტორიას.