
რეგიონში „3+3“ ფორმატის შესახებ დისკუსიები აქტიურდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პლატფორმაზე ცოტა ხნის წინ ისაუბრა, ამ ქვეყნისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წინა დღით სატელეფონო საუბარში განაახლეს თემა. ერევანმა ამ პლატფორმაში მონაწილეობის მოწვევა თეირანიდან მიიღო. შეხვედრაში ერევნის მხრიდან მონაწილეობას მიიღებს საგარეო საქმეთა მინისტრი არარტ მირზოიანი. რამდენად შეიძლება ეს პლატფორმა გახდეს რთული რეგიონული პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა? ექსპერტებს სერიოზული დათქმები აქვთ.
ერევანმა “3+3” ფორმატში შეხვედრის მოწვევა მიიღო თეირანიდან. მსგავსი მოწვევა გაეგზავნა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეხვედრაზე სომხეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინსიტრი არარტ მირზოიანი წარსდგება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ბაქოშიც აქტიურად საუბრობენ „3+3“ ფორმატზე. მანამდე ალიევმა საქართველოში სამმხრივი შეხვედრის შესაძლებლობაზეც ისაუბრა. არმენ პეტროსიანი, ექსპერტი რეგიონულ საკითხებში, შენიშნავს, რომ ალიევი მიზანმიმართულად დგამს ნაბიჯებს სხვადასხვა პლატფორმების შერევის მიზნით.
ალიევი ცდილობს კვლავ გამოიწვიოს დაბნეულობა, შექმნას საფუძველი შემდგომ მოლაპარაკებებზე უარის თქმისთვის და არ აიღოს რაიმე ვალდებულება ახალი სტატუს კვოს დაფიქსირებასთან დაკავშირებით.
ფორმატების მუდმივი ცვლილება აჩენს ეჭვს, რომ ბაქოს არ სურს სამშვიდობო პროცესის დასრულება, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კოსტანიანმა და ასევე ისაუბრა ბაქოს მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიზანმიმართულ გაჭიანურებაზე და თბილისში სამმხრივი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობაზე.
„ფორმატთა მუდმივი ცვლილება სერიოზულ ეჭვებს ბადებს: არის თუ არა ოფიციალური ბაქო დაინტერესებული სამშვიდობო პროცესის დასრულებით, თუ ისინი უბრალოდ ცდილობენ ერთი ფორმატიდან მეორეზე გადასვლას და ამით ერიდებიან კონკრეტული შეთანხმებების მიღწევას? პლატფორმა არ შეიძლება იყოს თვითმიზანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ ურთიერთობების დარეგულირება, რომ მოგვარების შემდეგ მიღწეული და წერილობით დაფიქსირებული შეთანხმებები პატივი სცეს და პარტნიორებმა უზრუნველყონ, რომ აზერბაიჯანული მხარე მათ არ დაარღვევს“.
თეირანის მიწვევით, დაგეგმილია შეხვედრის გამართვა „3+3“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ორი დღის წინ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან, რომლის დროსაც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობის თანახმად, გადახედეს “3+3” რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის საქმიანობის მდგომებს. თუ რას ნიშნავს ეს, ცნობაში არ იყო დაზუსტებული.
„ალიევს ჰქონდა ვალდებულება, ხელი მოეწერა ახალი დოკუმენტისთვის ერთ-ერთ დასავლურ პლატფორმაზე, ამ შემთხვევაში, გრანადაში, რომელიც დაამყარებდა ახალ სტატუს კვოს აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში. ამით ფაქტობრივად გაუქმდებოდა 9 ნოემბრის განცხადება და შემდგომი მოგვარების პროცესი უკვე განხორციელებული იქნებოდა ან ეს ახალი დოკუმენტი იქნებოდა ამის საფუძველი“.
სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე სარგის ხანდანიანი მიიჩნევს, რომ „3+3“ ფორმატი არ არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგების პლატფორმა. მისი თქმით, ეს რეგიონალური საკითხების განსახილველად შესაფერისია, თუმცა რეგიონული საკითხები მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ფარგლებს არ მოიცავს.
„3+3 ფორმატს არ უნდა დაუპირისპირდეს ამ თვალსაზრისით, რეგიონული საკითხების განხილვის კუთხით. ბრიუსელში გვაქვს ევროკავშირის შუამავლობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგების კუთხით და „3+3“ ფორმატში შეგვიძლია განვიხილოთ ფართო რეგიონული დღის წესრიგის სხვა საკითხები. ჩემი აზრით, ეს არ არის მედიაციის პლატფორმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების ან ურთიერთობების მოწესრიგების თვალსაზრისით. აქ რეგიონის 6 ქვეყანას შეუძლია განიხილოს ორმხრივ ინტერესებში შემავალი სხვადასხვა საკითხი“.
მიუხედავად იმისა, რომ სარგის ხანდანიანმა არ იცის თეირანში “3+3” ფორმატში გამართული შეხვედრის დღის წესრიგი, ვარაუდობს, რომ ის მის მიერ ნახსენები ლოგიკით უნდა წარიმართოს. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგებასთან დაკავშირებით, სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სომხეთი დაინტერესებულია, რომ ბრიუსელის ფორმატმა გააგრძელოს ფუნქციონირება და საბოლოო ჯამში ეფექტური იყოს.
ავტორი კარენ ღაზარიანი