ანალიტიკა

პოლიტოლოგი დადებითად აფასებს 3+3 პლატფორმის აქტიურობას სომხეთისთვის

პოლიტოლოგი გარიკ ქერიანი დადებითად აფასებს სომხეთის მონაწილეობას 3+3 ფორმატის შეხვედრაში. მისი თქმით, ამ პლატფორმაში ქვეყნები არიან ჩართულნი, სომხეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების გადაჭრის პერსპექტივა მათთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული.

გარიკ ქერიანი Armenpress-თან საუბარში აღნიშნავს, რომ დე იურე „3+3“ პლატფორმის სამუშაოებში საქართველოს მონაწილეობის გარემოებაც რომ გამოირიცხოს და მან დე ფაქტო საქართველოს გარეშე იმუშაოს, ამ ფორმატის აქტიურობა შეიძლება შეფასდეს ძალიან პოზიტიურად, განსაკუთრებით სომხეთისთვის, რადგან პირველად ყალიბდება პლატფორმა, რომელშიც სომხური სახელმწიფოებრიობის ბედი დამოკიდებულია შემავალი ძალების ქმედებებსა და დამოკიდებულებებზე, ასევე ურთიერთობებზე.

მისი შეფასებით, თუ ჩამოყალიბდება „3+3“ ფორმატი, მას ექნება რეგიონალური მნიშვნელობა, თუმცა ამ დროისთვის რეალურად საქმე გვაქვს „3+2“ ვარიანტთან, რადგან დასავლური ორიენტაციის მქონე საქართველო თავიდანვე უარს ამბობს პლატფორმის მუშაობაში მონაწილეობის მოწვევაზე.

„სომხეთი კი, თავის მხრივ, პირველად შედის ფორმატში, სადაც არის ორი დაპირისპირებული სახელმწიფო, თურქეთისა და აზერბაიჯანის სახით, მეორე მხრივ, ჩვენთვის მეგობრული ირანი და შედარებით პროსომხური რუსეთი. რატომ შედარებით, რადგან დღეს რუსეთსა და თურქეთს შორის საკმაოდ ღრმა თანამშრომლობაა. ყოველ შემთხვევაში, ეს ფორმატი მიიყვანს სომხეთს მოლაპარაკებამდე იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ურთიერთობებზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პერსპექტივა“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

ქერიანის დაკვირვებით, სომხეთი ამჟამად ეძებს თავისი პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტას ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ბრიუსელში ან ვაშინგტონის პლატფორმებზე, სხვა ევროატლანტიკურ ქვეყნებში, მაგრამ დასავლეთ ნახევარსფეროში დაპირებების გარდა, ჯერ რეალური და ხელშესახები ნაბიჯები არ გადადგმულა. მან შეახსენა, რომ დასავლეთის დედაქალაქებიდან გაკეთდა გაბედული განცხადებები, რომ თუ აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ეთნიკურ წმენდას განახორციელებდა, უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა, მაგრამ რეალურად ბაქომ არასოდეს აგო პასუხი გაჩაღებულ აგრესიაზე, არაფრად ჩააგდო რა დასავლური ზესახელმწიფოები.

„ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სომხეთმა ან აზერბაიჯანთან ორმხრივი მოლაპარაკებებით უნდა ეძებოს თავისი საკითხების გადაწყვეტა, ან მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებებში რეგიონული ძალოვანი ცენტრების მონაწილეობით, რის წყალობითაც სომხეთის სახელმწიფოს შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების მიღება“, – აღნიშნა ჩვენმა თანამოსაუბრემ.

ქერიანის თქმით, დასავლეთი გამოიყენებს ყველა შესაძლო ბერკეტს და ყველანაირად შეეცდება ჩაშალოს “3+3” ფორმატის აქტივობა, რადგან მასში შედის რუსეთი და ირანი, რომლებსაც აქვთ მკაფიო ანტიდასავლური პოზიცია. მისი თქმით, სახელმწიფოებს შორის ასევე არის წინააღმდეგობები თავად პლატფორმის ფარგლებში, რადგან რუსეთი და ირანი დასავლეთის მიმართ მტრული ძალები არიან, თურქეთი კი ნატოს ერთ-ერთი გავლენიანი წევრია.

„გარდა ამისა, ჩვენ ვცხოვრობთ კონფლიქტურ რეგიონში, სადაც ყველა ქვეყნის ინტერესები არ ემთხვევა და კვლავ რჩება გადაუჭრელი საკითხები სომხეთსა და აზერბაიჯანს, რუსეთსა და საქართველოს შორის. მაგრამ წინააღმდეგობების არსებობის გათვალისწინებითაც კი, მოლაპარაკებებზე არ წასვლა და მოცემული პლატფორმის მუშაობაში მონაწილეობის არ მიღება აუცილებლად არასწორი იქნება. ასე რომ, თუ რუსეთის, ირანის და თურქეთის პოლიტიკურმა ელიტებმა და სტრატეგებმა გადაწყვიტეს აღნიშნული პლატფორმის ჩამოყალიბებაში წვლილი შეეტანათ, ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. „3+3“ პლატფორმის პერსპექტივა დიდწილად იქნება დამოკიდებული უკრაინისა და არაბულ-ისრაელის კონფლიქტებზე, ასევე ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობების დაძაბულობაზე და ზოგიერთ სხვა საკითხზე. „მიუხედავად ამისა, ერთიანი პლატფორმის შექმნის სწრაფვა ძალიან დასაფასებელია, მით უმეტეს, რომ თეირანში გამართული ბოლო შეხვედრის შედეგად პლატფორმის მონაწილეებმა მიიღეს მათ ურთიერთობებთან დაკავშირებული პრინციპები“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

ქერიანის თქმით, „3+3“ ფორმატი შეიძლება იყოს შემაკავებელი პერანგი თურქეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, რადგან ამბიციების მქონე სახელმწიფოები სომხეთს მოთხოვნებს უყენებენ, ამიტომ ამ პლატფორმამ შეიძლება შეაჩეროს ისინი აგრესიული რიტორიკისა და ქმედებებისგან. მისი თქმით, ეს ის ფორმატია, სადაც რუსეთს და ირანს შეუძლიათ მახვილი კუთხეების გასწორება და გამოსავლის პოვნა, რადგან სამხრეთ კავკასიაში ახალი სამხედრო ფრონტის გახსნა მოსკოვისა და თეირანის ინტერესებში საერთოდ არ შედის. ისინი ხვდებიან, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონის დესტაბილიზაცია მათ ინტერესებს დაუყოვნებლივ დაარტყამს.

პოლიტოლოგმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთიც განსაკუთრებით არ არის დაინტერესებული დესტაბილიზაციის პერსპექტივით.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის მიწვევით და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის მონაწილეობით გაიმართა “3+3” რეგიონული ჯგუფის მეორე შეხვედრა. პლატფორმა გაიმართა თეირანში, რის შემდეგაც 5 მონაწილე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელიც ადგენს დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას, სუვერენიტეტს, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დაურღვევლობას, ხელშეუხებლობას, შიდა საქმეებში ჩაურევლობას, მუქარის ან ძალის გამოყენების აკრძალვას და ადამიანის უფლებების პატივისცემას გაეროს წესდებაზე დაყრდნობით.

სამველ მარგარიანი

ნახეთ მეტი
Back to top button